”არ გადავიხდი გირაოს და არავის აქვს უფლება გადაიხადოს გირაო ჩემს მაგივრად”. – ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს და იმ მოვლენებს იხსენებს, რის გამოც პროკურატურამ მის წინააღმდეგ საქმე აღძრა.
”20 ივნისის მოვლენების დროს სიმართლის ხაზი გადიოდა პარლამენტის პერიმეტრზე. გარეთ აღშფოთებული პატრიოტები იდგნენ და იცავდნენ ქვეყანას, შენობის შიგნით კი მყოფი კობახიძე-გავრილოვი შეურაცხყოფას აყენებდნენ ქართულ სახელმწიფოებრიობას.
პარლამენტს გარეთ მყოფი ხალხის სიმართლე აღიარა თავად ხელისუფლებამ და პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, თანამდებობიდან გადადგომა მოუწია მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარეს და მივიღეთ პროპორციული არჩევნების დაპირება. მიუხედავად ამისა, მაშინ ოცნებამ გადაგვაგდო, უკან წაიღეს პროპორციული სისტემის დაპირება და ჩემი და სხვა ადამიანების წინააღდეგ რამდენიმე კვირაში დაიწყო პოლიტიკური დევნა”.- აცხადებს მელია.
ის ასევე აღნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
”მიუხედავად ამისა, ხალხის ნების გამოხატვის მოლოდინში , რომ სახელმწიფო ინსტიტუტები 2020 წლის არჩევნების შედეგად დაიბრუნებდნენ ლეგიტიმაციას, მოთმინებით ველოდი საპარლამენტო არჩევნებს თუმცა, 2020 წლის არჩევნებზე ჩვენ ვიხილეთ არა სახელმწიფო ინტიტუტების ლეგიტიმაციის დაბრუნება, არამედ არჩევნების ტოტალურად გაყალბება და ქართული ოცნების მიერ ძალაუფლების სრული უზურპაცია, უსამართლობასთან ბრძოლის ახალი ეტაპიც ზუსტად ამ დროს დადგა.
ამიტომ, 1 ნოემბერის აქციაზე საჯაროდ მოვისროლე სამაჯური და მას შემდეგ კიდევ უფრო მეტად ვარ ჩაბმული უკომპრომისო ბრძოლაში. არც მე და არც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პარლამენტს. სრული აბსურდია გირაოს გირაოთი დამძიმება – ეს არის მთლიანად უკანონო და არალეგიტიმური, იურიდიული აბდაუბდა, რომელიც დღემდე არავის წინააღმდეგ არ გამოყენებულა და პირველად ჩემს წინააღმდეგ იყენებენ. მეორედ თუ გადავიხდი, ხვალ მესამედ მომთხოვენ, ზეგ მეოთხედ.
ბრძოლა და მორჩილება კი შეუთავსებელია!
მე აღარ ვაპირებ ამ გაუთავებელ ”სამართლებრივ” ლაბირინთებში შეყოლას, მაშინ როდესაც ვიცი რომ ვარ მართალი და ვიცი რომ ჩემს წინააღდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. მე არ გადავიხდი გირაოს და არავის აქვს უფლება გადაიხადოს გირაო ჩემს მაგივრად!
გირაოს გადახდისთვის საბანკო ანგარიშის გარდა აუცილებელია სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელსაც გასცემს პროკურატურა მხოლოდ ბრალდებულზე, ან მის ადვოკატზე. არც მე, არც ჩემს ადვოკატს არანაირი ასეთი კოდი არ მოგვითხოვია და არც მოუციათ და შესაბამისად, თუკი ვინმე ჩემს მაგივრად გადაიხდის გირაოს თანხას, წინასწარ ვაცხადებ, ეს იქნება პროკურატურის და ამ ხელისუფლების მორიგი ბინძური მაქინაცია.
ვიცი, რომ ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, ვიცი რომ ამ ბრძოლაში მართალი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ გავიმარჯვებთ, რადგან სხვა გზა არც გვაქვს.
არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ”! – წერს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რომ 5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია გააფრთხილა და განმარტა, რომ თუკი ის გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს 40 000 ლარის გადახადას, ან აღნიშნული თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფას ითხოვს. პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს იწურება.