ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერის განცხადებით, ინგლისური ენა ნელ-ნელა “ევროპაში მნიშვნელობას კარგავს”.
ბრექსიტის მოლაპარაკების პირობებში და ბრიტანეთთან ასეთი დაძაბული ვითარების დროს, ევროკომისიის პრეზიდენტმა იტალიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის საჯარო გამოსვლებისას, ფრანგულ ენაზე ისაუბრებს.
“ინგლისური ენა დაკარგავს ევროპაში მნიშვნელობას, ეს ნელა, მაგრამ აუცილებლად მოხდება”,- განაცხადა ჟან კლოდ იუნკერმა და დასძინა, რომ ბრექსიტი ბრიტანეთისთვის უდიდესი ტრაგედიაა.
ევროკომისარმა ინგლისურ ენასთან დაკავშირებით, ნახევრად ხუმრობით ისაუბრა – შესაბამისად, სიცილი და ტაშიც დაიმსახურა. ხუმრობა-ხუმრობაში მან კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.
“ჩვენ ბრიტანელ მეგობრებთან გვექნება მოლაპარაკებები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ბრიტანეთი არ არის, რომელიც ევროკავშირშია – ეს არის ბრიტანეთი, რომელმაც ევროკავშირზე უარი განაცხადა”, – აღნიშნა მან.
- ევროკავშირში ინგლისური ყველაზე გავრცელებული სალაპარაკო ენაა.
- მასზე ნაკლებად გავრცელებული, თუმცა მნიშვნელოვანი ენებია – გერმანული და ფრანგული.
- ევროკავშირში ბრიტანეთის გაწევრიანებამდე, ანუ 1973 წლამდე, ბიზნესწრეებში, მთავარი ენა ფრანგული იყო.
- გლობალურად, ინგლისური 400 მლნ ადამიანისთვისაა მშობლიური ენა, ხოლო ფრანგული 220 მილიონისთვის.
თამთა უთურგაშვილი