თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ოჯახში ბავშვები ჰყავს უფრო მეტად გამძაფრებული აქვთ ემოციური ფონი, ვინაიდან მშობლებს პატარების მხრიდან დასმულ ბევრ კითხვაზე უწევთ პასუხების გაცემა.
რა უნდა გაითვალისწინონ ასეთ დროს მშობლებმა და როგორ უნდა გამოიყენონ მათ სწორად და სასარგებლოდ არსებული მდგომარეობა ბავშვებთან ურთიერთობაში?
„ფორტუნასთან“ რეკომენდაციებზე ფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ისაუბრა.
„ამ ახალ სიტუაციაში თუ არ დავნერგეთ წესი და მკაფიო გრაფიკი, თუ შვილები არ ჩავრთეთ ამ გრაფიკის შექმნაში, ეს თუ არ მოვახერხეთ შეიძლება დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ. საყურადღებოა ის, რომ ბავშვები მაგალითს მშობლებისგან იღებენ, ამიტომ თუ შეშფოთებულები დავენახვებით, ამით დიდ ზიანს მივაყენებთ მათ ფსიქიკას. ბავშვებისთვის და ასევე მოზრდილებისთვის ყველაზე კარგი საშუალება არის ინფორმაცია“,– აღნიშნავს თამარ გაგოშიძე.
როგორც ფსიქოლოგი განმარტავს, ძალიან მნიშვნელვანია ბავშვებს ავუხსნათ რატომ არ გავდივართ ქუჩაში. მისი თქმით აქაც ზომიერების დაცვაა საჭირო.
„სიტყვები სწორად შევარჩიოთ. ინფორმაცია მივაწოდოთ, მაგრამ ავუხსნათ, რომ ადამიანების უმრავლესობას არაფერი არ მოსდის. ამბავი მივაწოდოთ დოზირებულად, არ არის საჭირო ჭარბი ინფორმაცია, ეს შფოთვას კიდევ უფრო მაღლა სწევს“,- აღნიშნავს თამარ გაგოშიძე.
ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ეს სიტუაცია ჩვენ შეგვიძლია ძალიან კარგად შემოვაბრუნოთ ჩვენს სასარგებლოდ.
„თვითიზოლაცია შეიძლება იყოს ძალიან კარგი და სასარგებლო ჩვენთვის – ჩვენ არ გვქონდა ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის დრო, სწორედ ახლა შეგვიძლია მთელი ძალისხმევა მივმართოთ მათკენ და კარგი კომუნიკაცია დავამყაროთ. დავუთმოთ დრო ჩვენს შვილებს“,- გვირჩევს თამარ გაგოშიძე.
ფსიქოლოგი ამბობს, რომ საერთო ოჯახური რიტუალები, განსაკუთრებით თამაშები, საუკეთესო თერაპიად ითვლება.
„ერთობლივი ქმედებები არის ძალიან სასარგებლო ჩვენთვისაც და მათთვისაც. ეს ყურადღების გადატანაა და შფოთვას ამცირებს. თამაშის, ხუმრობის, სიცილი – პოზიტიური ემოციები კარგად მოქმედებს ბავშვებზე და ჩვენზეც“, – გვირჩევს ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე.