LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბათუ ქუთელიას სახელი ხელშეკრულებაში შეცდომით მოხვდა” – “ორიონ სტრატეჯი” განცხადებას ავრცელებს

233
BeFunky-collage (52)

ამერიკული ლობისტური კომპანია “ორიონ სტრატეჯი” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს დირექტორის, ბათუ ქუთელიას სახელი ხელშეკრულებაში შეცდომით მოხვდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქუთელია კომპანიის კონსულტაციების არც ერთ პოლიტიკურ ასპექტში ჩართული არ არის. განცხადებაში ასევე წერია, რომ დოკუმენტში შეცდომა უკვე გასწორდა. „ორიონ სტრატეჯის“ პრეზიდენტი რენდი შენემანი ამბობს, რომ ბათუ ქუთელია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტის განყოფილებაში შეტანილ განცხადებაში საკონტაქტო პირად შეცდომით იყო მითითებული.

“ორიონ სტრატეჯის“ ამაყობს იმით, რომ მუშაობს საქართველოში ნამდვილად პროდასავლური ძალების სახელით, ყურადღებას ამახვილებს ამჟამინდელი მთავრობის დემოკრატიულ უკუსვლაზე, შეუსრულებელ დაპირებებსა და პოლიტიკურ წარუმატებლობებზე, რაც სულ უფრო მეტად აღელვებს მაღალი თანამდებობის პირებს ვაშინგტონში. საქართველოს ტენდენციებში უკეთ გარკვევაში დასახმარებლად,“ორიონ სტრატეჯიმ“ დაიქირავა ბათუ ქუთელია, რათა მას უსაფრთხოების, ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური განვითარების კვლევა და შეფასება უზრუნველყო. ელჩი ქუთელია არ მონაწილეობს ჩვენი კონსალტინგის პოლიტიკურ საკითხებში, აშშ-ში ჩვენს საქმიანობასა და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ჩვენს მუშაობაში. ბათუ ქუთელიას სახელი შეცდომით, ადმინისტრაციული შეცდომის შედეგად იქნა მითითებული საკონტაქტო პირად “ორიონ სტრატეჯის“ მიერ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტის განყოფილებაში შეტანილ განცხადებაში. მოგვიანებით, აღნიშნული შეცდომა გასწორდა და ცვლილება უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტის განყოფილებაში ხელახლა შევიდა. “ორიონ სტრატეჯი“ სინანულს გამოთქვამს შეცდომის გამო”, – წერია განცხადებაში, რომელსაც “საქართველოს ატლანტიკური საბჭო” “ფეისბუქის” გვერდზე ავრცელებს.

მამუკა მდინარაძემ ენმ-ს ლობისტ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი გაუსაჯაროვა

შეგახსენებთ, რომ კონტრაქტი, რომელიც “ორიონ სტრატეჯი”-სა და ქართულ ოპოზიციურ პარტიას შორის გასული წლის ოქტომბერში გაფორმდა, ერთწლიანია და ითვალისწინებს უცხოური ორგანიზაციის მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერას ქვეყანაში დემოკრატიის გასაძლიერებლად. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გაფორმებული ხელშეკრულება გუშინ სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებისთვის საჯარო გახადა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. დეპუტატის თქმით, ხელშეკრულებაში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლად “ატლანტიკური საბჭოს” ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია იყო მითითებული, რაც მისივე განმარტებით, იძლევა ეჭვის საფუძველს ქუთელიას ობიექტურობაში.

“აღნიშნული კონტრაქტის მიხედვით, კომპანია ენმ-ს უნდა დაეხმაროს ქართული დამოკრატიის გაძლიერებაში. ეს არის მითითებული დოკუმენტზე. ამ ფორმალური მიზნის ქვეშ რა საქმიანობაც უნდა განხორციელდეს, ყველასთვის ნათელია”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება ბათუ ქუთელიას პოზიციას, ამბობს, რომ არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და  არ იღებს მონაწილეობას მსგავს მოლაპარაკებებში.

„საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ვიმყოფები ვაშინგტონში და ყველა დაინტერესებულ მედიასაშუალებას ვერ ვპასუხობ, აქ გავაკეთებ მოკლე განცხადებას:

ჩემი პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ანალიტიკური პროდუქტების შექმნა და შესაბამისი მომსახურეობის გაწევა დაინტერესებული უცხოური კომპანიებისათვის. ამჟამად ვმუშაობ რამდენიმე ამერიკულ კომპანიასთან და მათი ინტერესებიდან გამომდინარე ჩემი ანალიტიკური პროდუქტები არის პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების თუ სხვა პროფილის. ერთ-ერთი ასეთი კომპანია „ორიონ სტრატეჯი“. ყველა ეს საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე ამერიკული კანონმდებლობით. საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, „ორიონ სტრატეჯი“ გააკეთებს დამატებით განმარტებებს. მე არ გახლავართ არც ერთი პარტიის წევრი და არც წარმომადგენელი არანაირ მოლაპარაკებებში. რაც შეეხება ჩემს შეხედულებებს ქვეყანაში შექმნილ პრობლემებს, მიზეზებსა და გადაწყვეტის გზებზე შეგიძლიათ კიდევ ერთხელ წაიკითხოთ The American Interest -ში 31 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში“, – წერს ქუთელია ფეიბუქ გვერდზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები