LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: ივანიშვილი მწარედ ცდება,ჩემი დაჭერით არაფერი იცვლება

212
52

“ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს საბოლოო განაჩენს დღეს გამოუტანენ.საქმე ეხება 2012 წელს დაწყებულ გამოძიებას, რა დროსაც ნიკა მელიას და ზურაბ ადეიშვილს ბრალი უკვე წაყენებული აქვთ.

ნიკა მელიას ადვოკატი ამბობს, რომ “ბანკი ქართუს” საქმე 2012 წლიდან თაროზე იყო შემოდებული და ბოლო თვეებში მისი აქტიურად განხილვა დაიწყო. 

თავად ბრალდებულ ნიკა მელიას მიაჩნია, რომ საქმეს არანაირი სამართლებრივი მოტივი არ გააჩნია. როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, როგორი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, ბრძოლა მაინც გაგრძელდება.

“მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც თანადგომას მიცხადებს. ყველა ამ ადამიანს, მე თანამებრძოლად აღვიქვამ, მე მხოლოდ რიგითი მებრძოლი ვარ ამ ბრძოლაში და ტყუილად ჰგონია ივანიშვილს, რომ ჩემი დაჭერით სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ამ ბრძოლას.

მწარედ ცდება. მიუხედავად იმისა მე დამიჭერს, თუ არ დამიჭერს, ბრძოლა გაგრძელდება. დიახ, თუ დამიჭერს, ან სახლში გამომკეტავს, ბრძოლა უჩემოდაც გაგრძელდება და მეც ბევრად თავისუფალი ვიქნები ციხის საკანში, ვიდრე თავადაა – შუშის საკანში.

ოლიგარქმა დაინახა რომ სამაჯურის დადებით ხელი კი შემიშალა პოლიტიკურ აქტივობაში, მაგრამ მაინც ვერ გამანეიტრალა, ვერც თვითონ დაისვენა ჩემგან და ვერც თავისი მორჩილები დაასვენა ჩემგან – დავდივარ პარლამენტში, გამოვდივარ ტელევიზიით, ვაქტიურობ სოციალურ ქსელში. ამიტომ, დღის წესრიგში დადგა ჩემი კიდევ უფრო შეზღუდვა – ციხეში ან სახლში გამოკეტვის გზით.

ივანიშვილი იმასაც მიხვდა რომ ამისთვის გავრილოვის საქმე არ გამოადგებოდა – გავრილოვის საქმე დროში გაეწელებოდა მარტივი მიზეზის გამო – ასობით მოწმეა დასაკითხი და სასწრაფოდ დააჩქარებინა საქმე, რომელიც წლებია იწელება.

"ქართუ ბანკის" გაკოტრებაზე ნიკა მელიას და ზურაბ ადეიშვილს საბოლოო განაჩენს გამოუტანენ

ნიკა მელიას და ზურაბ ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ქონების გადამალვას ედავებიან

მოკლედ, მურისიძის ხელით, ან ციხეში გამიშვებს, ან სხვა არასაპატიმრო სასჯელს გამოიყენებს. ორივე შემთხვევაში, საპატიმრო სასჯელი იქნება თუ არასაპატიმრო, პარლამენტმა უახლოეს სხდომაზე კენჭი უნდა უყაროს ჩემი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას. ერთ შემთხვევაში, არასაპატიმრო სასჯელის შემთხვევაში მე პარლამენტის დარბაზში ვიქნები და “ოცნებაში” დარჩენილმა დეპუტატებმა კვლავ ჩემი დარბაზში ყოფნის პირობებში უნდა მიაჭირონ ხელი პარლამენტიდან გამოგდების ღილაკს, მეორე შემთხვევაში – ციხეში და ჩემი დარბაზში არყოფნის პირობებში მიაჭერენ ხელს ღილაკს.

როგორც უკვე ვთქვი, მე გარეთ ვიქნები თუ ციხეში, ივანიშვილს შვება მაინც არ ეღირსება და ტყუიილად აქვს იმის იმედი, რომ ჩემი დაჭერით რაიმეს დაიჭერს.

მას ჰქონდა შანსი დაეძლია ის კრიზისი, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა 20 ივნისს, მაგრამ მან დაძლევის ნაცვლად გააღრმავა ეს კრიზისი, ჯერ გავრილოვის ღამის მდაბიო გახარია ააღზევა, ახლა კი, ის დანაპირებიც უკან წაიღო, რომელიც იმ მძიმე დღეებში მისცა ქვეყანას.

ასე რომ ტყუილად ჰგონია მას რომ პროტესტს შეაჩერებს, ან შეანელებს.

ყველას, ყველა ჩემს თანამებრძოლს მინდა მოვუწოდო ჭკვიანური ბრძოლისკენ. ჩემი დაჭერით არაფერი არ იცვლება. მთავარი ერთიანობაა, ერთად დგომაა და არა ის, სად იდგება შენი თანამებრძოლი – გარეთ, შენთან ერთად, თუ საკანში”

შეგახსენებთ, “ბანკი ქართუს” საქმეზე ნიკა მელიას და ზურაბ ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ქონების გადამალვას ედავებიან. ადეიშვილს დაუსწრებლად  პატიმრობა აქვს შეფარდებული, მელია კი 25 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული