LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება ჯარის თემატიკის სწავლება – სამხედრო გაკვეთილი სკოლაში ბრუნდება?

500
vaziani3

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო მოსმენისას განაცხადა, რომ ყველა ოჯახში ჯარის თემატიკა უნდა შევიდეს და ამის პოპულარიზაცია ბაღიდან, სკოლიდან უნდა დაიწყოს. მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, უწყებას უკვე შემუშავებული აქვს სახელმძღვანელოები, რომლის პრეზენტაციაც მალე მოხდება.

თავად თავდაცვის სამინისტროში დეტალების თქმისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ ამ საკითხზე უწყება განათლების სამინისტროსთან და თავდაცვის ძალებთან ერთად მუშაობს, თუმცა, საზოგადოება ამის შესახებ პრეზენტაციაზე შეიტყობს.

თუმცა, როგორც “ფორტუნამ” გაარკვია, ჯარის თემატიკის სკოლებში შეტანა სავარაუდოდ, 2019 -2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან მოხდება და სწავლება მაღალკლასელებისთვის – მე-9-12 კლასელებისთვის იქნება.

საკითხის გადამოწმება “ფორტუნამ” სამხედრო საკითხების ექსპერტებთან სცადა. მათი ნაწილი საქმის კურსში არაა, თუმცა სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ადასტურებს, რომ ახლო წარსულში მასთან ამ თემაზე სამინისტროს კომუნიკაცია ჰქონდა.

“იყო ვითომ კონსულტაციები. თუმცა, სამწუხაროდ, მერე აღარ გვაქვს მონაწილეობა მიღებული. რამდენჯერმე მივმართეთ სამინისტროს, რომ ეს სახელმძღვანელო ჩვენთვისაც გაეცნო, თუმცა, გვიპასუხეს, რომ სამუშაო პროცესი იყო. სკოლაში რომ ისწავლებოდეს პატრიოტული მიმართულება, სამხედრო მიმართულება, ასეთი სახელმძღვანელოც და კურსიც არსებობდეს, მისასალმებელია. გამომდინარე იქიდან, ჩვენ ქვეყანას რა საფრთხე ემუქრება დღეს და რა არის მომავალში მოსალოდნელი,”- აღნიშნა ირაკლი ალადაშვილმა.

მისივე თქმით, ამ თემატიკის სწავლება სკოლაში ისე უნდა განხორციელდეს, რომ მოსწავლე “შატალოზე” არ გარბოდეს ამ გაკვეთილის გამო.

“მაგალითად, გოგონებისთვის შეიძლება იყოს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსები, რომელიც ცხოვრებაში ნებისმიერს გამოადგება, არა მხოლოდ გოგონას, ბიჭსაც. ბიჭებისთვის შეიძლება ყოფილიყო იარაღის ნიმუშების გაცნობა. სხვათა შორის, ბევრი გოგონაც მიიღებდა ამაში მონაწილეობას. შეიძლებოდა ბრძოლების ისტორიის გაცნობა. სამხედრო ნაწილებში გაყვანა. მთავარია ეს პროცესი დაიწყოს, რომ არმია და საზოგადოება არ უნდა იყოს ერთმანეთისგან დაშორებული. ასევე, კარგი იქნებოდა სამოქალაქო თავდაცვის კურსის გაცნობა, როგორ უნდა მოიქცნენ სხვადასხვა შემთხვევაში, საჰაერო თავდასხმის დროს, როგორ უზრუნველყონ საკუთარი უსაფრთხოება, თავისი ახლობლების, იქნება ეს შენობაში თუ მინდორში,” – განუცხადა “ფორტუნას” ალადაშვილმა.

რაც შეეხება განათლების სამინისტროს პასუხს თუ როგორი იქნება სწავლა-სწავლების პროცესი, ჯერჯერობით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები