LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი OECD-ის დირექტორს შეხვდა

38

საქართველო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან ( OECD ) თანამშრომლობას აფართოებს, – ორგანიზაციის დირექტორს გლობალურ ურთიერთობებში მარკოს ბონტურს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

OECD საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობს. დოკუმენტი ყველა იმ პრინციპს მოიცავს, რომლებიც მოხსენიებულია ევროპის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიაში.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებს და ხელისუფლების მიერ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.

„პრემიერ-მინისტრთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა. OECD და საქართველო, მრავალი წელია, თანამშრომლობენ. ჩვენ გავეცანით მთავრობის პოლიტიკის პრიორიტეტებს და ვიმსჯელეთ, როგორ შეგვიძლია, გავაფართოოთ თანამშრომლობა. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის მიმართულებით, ასევე – საჯარო მმართველობის საკითხებზე. პრემიერ-მინისტრმა ახსენა სხვა სფეროებიც, რომლებიც პრიორიტეტულია და განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია, გავაფართოოთ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა – განათლება, ჯანდაცვა და გადასახადები“, – განაცხადა OECD-ის დირექტორმა გლობალურ ურთიერთობებში, მარკოს ბონტურმა.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს პოლიტიკას, რომელიც მსოფლიოში მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება. OECD-ის ექსპერტები მუშაობენ მთავრობებთან, სწავლობენ მსოფლიოში წარმოების, ვაჭრობისა და ინვესტიციის ნაკადებს, ანალიზს უკეთებენ მონაცემებს, რათა განსაზღვრონ სამომავლი ტენდენციები, ასევე, ადგენენ საერთაშორისო ნორმებს სხვადასხვა სფეროში. ფაქტებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ორგანიზაცია მთავრობებს, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციებს აძლევს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ OECD-ის ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამის ხელმძღვანელი ანტონიო სომა, ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამის პროექტების მენეჯერი დანიელ ქუადბექი, ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამის ეკონომისტი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ფრანჩესკო ალფონსო; ხოლო საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები