LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

968.5 მილიონის პროექტი შემდეგ 3 წელში – რა სამოქმედო გეგმა განიხილეს მთის განვითარების საბჭოს სხდომაზე

63
BeFunky-collage

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები განიხილეს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სამოქმედო გეგმის თანახმად, 3 წლის განმავლობაში დაგეგმილია 968.5 მლნ ლარის ღირებულების პროექტები, მაღალმთიანი დასახლებების, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური მხარდაჭერის მიზნით, რაც 29%-ით აღემატება წინა პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრს წარედგინა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სოციალური შეღავათებით სარგებლობის შესახებ 2021 წლის ანგარიში; ასევე, 2021 წლის მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტებისა და პროგრამების შესრულების ანგარიში, რომელთა შესახებ მთავარი მომხსენებლები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები იყვნენ. აღინიშნა, რომ მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტებისთვის, ფონდიდან 3 მლნ ლარამდე დაიხარჯა, რითაც დაფინანსდა, როგორც გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა, სასოფლო-სამურნეო კოოპერატივები, ასევე – ახალი ბაღების გაშენება.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1 801 დასახლებას, რაც საქართველოს მთლიანი დასახლებების დაახლოებით 49%-ია. აპრილის მონაცემებით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსით სარგებლობს დაახლოებით 262 ათასი ადამიანი; 497 საწარმო. ბოლო 6 წლის განმავლობაში მაღალმთიანი დასახლებების მხარდასაჭერად მიიმართა დაახლოებით 1.16 მილიარდი ლარი; აქედან, დაახლოებით 402.7 მლნ. ლარი დაიხარჯა კანონით გათვალისწინებულ სოციალურ შეღავათებზე, რომელიც ითვალისწინებს დანამატებს, პენსიაზე, სოციალურ შემწეობებზე, ექიმების, ექთნების, მასწავლებლების ხელფასებზე, სპორტის სხვადასხვა სახეობის მწვრთნელებზე და სხვა არაერთი მიმართულებით, ასევე – მოხმარებული ენერგიის თანადაფინანსებას 50%-ის ოდენობით. აღინიშნა, რომ 2021 წელს სოციალურ შეღავათებზე დაახლოებით 96.5 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2020 წელს ამ მიმართულებით გაწეულ ხარჯებს 19%-ით აღემატება.

საბჭომ განიხილა „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ განკარგულების პროექტი, რომლის თანახმადაც, 2022 წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის თანხები განაწილდება. გეგმის მიხედვით, 2022 წელს 20 მლნ ლარია გამოყოფილი შესაბამისი ინფრასტრუქტურული და სასოფლო-სამეურნეო პროექტებისათვის, ხოლო დაახლოებით 5 მლნ ლარი გამოიყოფა მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებისთვის, როგორიც არის აგროდაზღვევის პროექტი, “დანერგე მომავალი” და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების პროგრამა.