“ბიძინა ივანიშვილო, თუ შენ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, ჩვენ შევიკრიბებით მთელი ქვეყანა რუსთაველის გამზირზე და შენზე იქნება დამოკიდებული, ჩვენ ხალხი, ვიზეიმებთ გამარჯვებას თუ დავიცავთ ამ ქვეყნის აწმყოს, მომავალს და რაც მთავარია ღირსებას”, – ამის შესახებ თბილისში თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილისადმი მხარდამჭერ ხალხმრავალ აქციაზე თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, თუკი “30 ოქტომბერს თუ ისევ გააყალბებს ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს”, უფრო მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში.
“30 ოქტომბერს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობიანად იმისათვის, რომ წინააღმდეგობის გაწევის უნარიც არ ქონდეს ბიძინა ივანიშვილს. 30 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი ან შეეგუება რომ მარცხდება, ან ბრძოლა იქნება ბოლომდე, შეუპოვარი. აქ არ უნდა ვიყოთ ჩვენ მარტოები. მე მინდა, რომ მთელი საზოგადოება, როგორც დღეს, ერთად დავდგეთ.
არჩევნების შემდეგ ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, თუ როგორ მოვიქცევით, ეს დამოკიდებული იქნება იქნება ბიძინა ივანიშვილზე და მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს.
დღეს ჩვენ ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელიც იმას კადრულობს, რასაც დღეს კადრულობდა რუსთავში, სამტრედიაში, გორში და ასე შემდეგ. საკუთარი დეპუტატები გამოიყვანეს და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობები ჰქონდათ, მაგრამ მადლობა იმისათვის, რომ თქვენ მშვიდობით უპასუხეთ მათ გამოხტომებს. ეს არის ძალა, რომელიც გაგვამარჯვებინებს 30 ოქტომბერს” – განაცხადა ნიკა მელიამ.