2021 წელი პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების პარალელურად, ეკონომიკური მოვლენებითაც გამორჩეული იყო. რამდენიმე ისეთი ამბავი ნამდვილად მოხდა, რომლითაც გასული წელი სულ გვემახსოვრება. ამ მოვლენებიდან „ფორტუნა“ 3 ყველაზე გახმაურებულ ამბავს გთავაზობთ:
უარი ევროკავშირის სესხზე
საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ევროკავშირის €75-მილიონიან მაკროფინანსურ დახმარებაზე. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ რეზონანსული გადაწყვეტილების მოტივად საგარეო ვალის შემცირება დაასახელა.
„ნამახვანჰესის” შეჩერებული პროექტი
თურქულმა კომპანია ENKA-მ საქართველოს მთავრობასთან „ნამახვანჰესის“ მშენებლობის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა და შესაძლოა, საქმე არბიტრაჟამდეც კი მივიდეს. ამჟამად, $800 მილიონიანი ენერგოპროექტის მომავალი ბუნდოვანია.
ინფლაცია 10-წლიან მაქსიმუმზე
წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევა 10-წლიან მაქსიმუმამდე დაჩქარებული ინფლაციაა. ნოემბერში წლიური ინფლაცია 12.5%-მდე დაჩქარდა, რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს, 4-ჯერ აღემატებოდა. რაც შეეხება დეკემბრის თვე, 2021 წელი მაღალი, ასევე ორნიშნიანი ინფლაციით დასრულდა. საქსტატის მონაცემებით, დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 13.9%-ით განისაზღვრა, წინა თვესთან შედარებით კი ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3% შეადგინა.