კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკული წერილების შემდეგ, საარჩევნო რეფორმისა და სასამართლოს საკითხზე ახლა უკვე ევროკავშირი წერს. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების ბოლო ანგარიშში წერია, რომ გამოწვევები რჩება საარჩევნო რეფორმასთან, პოლიტიკურ დიალოგთან და სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებასთან მიმართებით. ამასთან, ნათქვამია, რომ საქართველო კვლავ ერთგულად ასრულებს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.
ანგარიში 2019 წლის მარტიდან პერიოდს მოიცავს.
დოკუმენტში წერია, რომ უმნიშნელოვანესია, მოიძებნოს ისეთი გამოსავალი საარჩევნო სისტემაზე, რაც ყველა მხარისათვის მისაღები იქნება.
“2020 წელი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, გააგრძელოს ვალდებულებად ნაკისრი რეფორმები. ეს იქნება გადამწყვეტი, შემდეგი წინსვლისთვის ევროპულ გზაზე. საკვანძო საკითხი იქნება, რომ საქართველომ წინ წაწიოს ამბიციური საარჩევნო რეფორმა, რათა გაუმკლავდეს პოლიტიკურ პოლარიზაციასა და, ასევე, განახორციელოს სასამართლო რეფორმაც.
ველით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება საქართველოს დემოკრატიულობის განმსაზღვრელი. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავრცელებული ეუთოს რეკომენდაციები საარჩევნო რეფორმის მიზანი უნდა გახდეს”, — წერია ანგარიშში.