ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეცხრე ეტაპის გამარჯვებული სტარტაპები გამოავლინა. დაჯილდოების პროცესს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.
“სამართლიანი და კონკურენტულ პირობებში შერჩევის პროცესი წარმატებით დასრულდა. 20 გამარჯვებული სტარტაპი პირველ ნაბიჯებს გადადგამს საერთაშორისო წარმატების გზაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს სხვა ინსტრუმენტებიც, რომ ასეთ კომპანიებს ხელი შევუწყოთ, რათა საერთაშორისო მასშტაბით გახდნენ წარმატებულები და თავი დაიმკვიდრონ. ვფიქრობ, ეკონომიკის სწრაფი განვითარება ზუსტად ინოვაციებთან არის პირდაპირ კავშირში და ჩვენი სამინისტრო, მასში შემავალი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სახით, ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის შეფასებით, სახელმწიფო დაფინანსების პროგრამებმა და მის ფარგლებში შექმნილმა ეკოსისტემამ უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგები. მისი თქმით, ამის დასტურია ის, რომ დღეის მონაცემებით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა სტარტაპებმა 350 მილიონ ლარზე მეტი კერძო უცხოური ინვესტიციები მოიზიდეს ქვეყანაში.
„ასევე აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ ჩვენს მიერ დაფინანსებულმა ქართულმა სტარტაპმა მსოფლიოში უდიდეს ვებ სამიტში სტარტაპების კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა და განსაკუთრებით წარმოაჩინა ქართული ეკოსისტემა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.