LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად გელბახიანი – ჩვენ არ გვქონია ინფორმაცია ან ეჭვი და შესაბამისად, ვერავიზე მივუთითებდით, რომ იყო ნარკორეალიზატორი

245

კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი მიიჩნევს, რომ 12 მაისის სპეცოპერაცია „ბასიანის“ წინააღმდეგ იყო მიმართული.

ზვიად გელბახიანი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მუდმივად მიდის აპელირება, რომ კლუბების ადმინისტრაცია გარეულია გასაღებაში, კონკრეტულად არ ასახელებენ რომელ კლუბზეა საუბარი. მაქვს განცდა, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო „ბასიანის“ მიმართ. „ბასიანი“ იყო, არის და იქნება სივრცე, რომელიც არის ღირებულებების მატარებელი. ჩვენ არ გვქონია დაზუსტებული ან დაუზუსტებელი ინფორმაცია, არც ეჭვი და შესაბამისად, ვერ ვიქნებოდით იმის გარანტი, ვინმეზე მიგვეთითებინა, რომ კონკრეტული პირი იყო ნარკორეალიზატორი“, – განაცხადა გელბახიანმა.

მისი თქმით, შს მინისტრთან შეხვედრაზე მათი მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა განხორციელდეს, „ბასიანის“ ხელმძღვანელობა ახლაც აფიქსირებს თანამშრომლობის სურვილს.

„ჩვენ შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვედრისას პირადად განვუცხადეთ რომ შსს-თან ერთად მზად ვართ, ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს და ახლაც ვუცხადებთ თანამშრომლობის სურვილს ამ მიმართულებით. კლუბი „ბასიანი“ და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ ქალაქში არის მომწამვლელი ნარკოტიკული საშუალება. მან მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაგვხმარებოდა, ერთობლივად ამოგვეღო ნებისმიერი საშუალებით ეს მომწამვლელი ნივთიერება. ერთი კვირის თავზე ვიხილეთ ის ტრაგედიები, რაც ყველა ნახა“, – განაცხადა ზვიად გელბახიანმა.

მისი თქმით, კლუბი „ბასიანი“ მუდმივად ებრძოდა და იბრძოლებს ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ.

როგორც გელბახიანი ამბობს, 12 მაისს ჩატარებულ ჩხრეკას არ ესწრებოდა „ბასიანის“ არც ერთი წარმომადგენელი, რაც კითხვებს აჩენს.

„ბუნებრივია, კლუბი „ბასიანი“ მუდმივად ებრძოდა და იბრძოლებს ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს მომწამვლელი ნივთიერება რომ შეგვენიშნა კლუბში ან მის მიმდებარედ, შევატყობინებდით შსს-ს. დაცვის წევრები ჩხრეკენ და გაჩხრეკენ კლუბში შემომსვლელს. შსს მუდმივად საუბრობს, რომ კლუბში აღმოაჩინეს ნარკოტიკული საშუალება, 12 მაისს ჩხრეკას არ ესწრებოდა „ბასიანის“ არც ერთი წარმომადგენელი. ბუნებრივია, როგორც მე, ისე საზოგადოებას უჩნდება კითხვა – რატომ არ დაასწრეს არც ერთი წარმომადგენელი პროცესს. როგორც მოვისმინე, შსს-მ ეს ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინა იმ პირებთან, რომლებიც იმ მომენტში იმყოფებოდნენ კლუბში“, – განაცხადა გელბახიანმა და აღნიშნა, რომ გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

გიორგი გახარიამ დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ მაშინ, როცა არსებობს კლუბებში ნარკორეალიზაციის დადასტურებული ფაქტები, კლუბების ხელმძღვანელობას დახმარების თხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არც ერთხელ მიუმართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები