ზვიად დევდარიანმა არასამთავრობო ორგანიზაცია CIDA-ს აღმასრულებელი დირექტორობის პოსტი დატოვა.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, დღეს გაიმართა ორგანიზაციის გამგეობის სხდომა, რომელმაც ერთხმად დააკმაყოფილა ზვიად დევდარიანის განცხადება უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით და CIDA-ს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნა ორგანიზაციის კორპორაციული პასუსიხმგებლობის მიმართულების მენეჯერი სალომე ზურაბიშვილი.
“CIDA-ს გამგეობა გმობს სექსუალურ და ნებისმიერი სხვა სახის შევიწროვებასა და ძალადობას და შეშფოთებულია შექმნილი ვითარებით. გამგეობის წევრები სრულად აცნობიერებენ, რომ ძალადობისა და სექსუალური შევიწროვების შესაძლო ფაქტები, რაც უკავშირდება CIDA-ს ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ჩრდილს აყენებს არა მხოლოდ ორგანიზაციას, არამედ მთლიანად სამოქალაქო სექტორს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.