LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ გურული: იმედია უილ სმიტივით უკრაინაც “ოსკარს” მიიღებს საბოლოოდ, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ პუტინი კრის როკივით მოხდენილად შეირგებს სილის გალაწუნებას

151
Untitled design - 2022-03-28T112940.978

ზურაბ გურული – ქართველი ექიმი, რომელიც წლებია ამერიკაში ცხოვრობს ოსკარის ცერემონიასთან დაკავშირებით ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.

მისი თქმით, “გლამურული” ამერიკა ახლაც ვერ აცნობიერებს, რა ახლოს არის მსოფლიო ბირთვულ კატასტროფასთან.

„ცალი თვალით ვუყურებდი “ოსკარის” ცერემონიას და მახსენდებოდა 2020 წლის იანვარი, როცა ამერიკულ კლინიკებში არავის აინუნში არ ჩაგვიგდია სადღაც ჩინეთში, უხანის პროვინციაში გაჩენილი “ღამურული გრიპი”, რომელიც სულ რამდენიმე კვირაში ჩვენამდე მოაღწევდა და მერე რამდენიმე მილიონ სიცოცხლესაც შეიწირავდა.

“გლამურული” ამერიკა ახლაც ვერ აცნობიერებს, რა ახლოს არის მსოფლიო ბირთვულ კატასტროფასთან. მხოლოდ საქმეში უშუალოდ ჩახედულთა მცირე წრეს შეუძლია რისკის კატეგორიის ზუსტად შეფასება. შესამჩნევად შეჭაღარავებულ სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს სახეზე აწერია უდიდესი დაძაბულობა. პრეზიდენტ ბაიდენს ბუნებრივი მიზეზების გამო ემოციების მართვა ნაკლებად შეუძლია, ამიტომ უსაშველოდ გულწრფელია მათ გამოხატვაში.

ცხადია, პუტინი ყასაბია და ისიც ცხადია, რომ მისი გაჩერება ძალაუფლების სათავეში არ შეიძლება. ამაზე ალბათ ღიად მსჯელობენ თეთრი სახლის ვიწრო წრეში.

პრეზიდენტმა კი მოულოდნელად მსოფლიოს გააცნო ეს დიპლომატიური საიდუმლოება. ემოციური მოხუცი შეძრა ლტოლვილი პატარას ტიკტიკმა და გულწრფელი “ლოცვა-კურთხევა” გაუგზავნა “ყასაბს”. სახელმწიფო მდივანს საერთაშორისო პოლიტიკასთან ერთად მოხუცებულთა სახლის დირექტორის მოვალეობის შეთავსებაც უწევს და შექმნილი უხერხულობის განეიტრალებაც. რესპუბლიკელებმა სამწუხაროდ ძალიან უღირსი პოზიცია დაიკავეს ამ ფაქტთან დაკავშირებით.

სამარცხვინო იყო სენატორ რიშის საჯარო აღშფოთება CNN- ში; თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ისინი აფრთხილებდნენ დემოკრატებს, რა საშიშროება შეიძლება მოეტანა ფრიად დელიკატურ ასაკში მყოფი ადამიანის პრეზიდენტად არჩევას. არადა, პრობლემა ბევრად გაცდენილია ამერიკული პოლიტიკის მასშტაბებს და მსოფლიო კატასტროფის კატეგორიაშია.

აშკარაა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციაში გადამწყვეტი გადაწყვეტილების მიმღები ინდივიდი არ არის და ყველაფერი მხოლოდ გუნდური მიდგომით წყდება. ეს ფაქტი ძალიან მკვეთრად ვლინდება თეთრი სახლიდან წამოსულ ბუნდოვან დირექტივებში. ამერიკელები ვერ ჩამოყალიბდნენ, სად გადის უკრაინის უსაფრთხოდ დახმარების ზღვარი და წითელი ხაზების გავლების პრეროგატივა მთლიანად დაუთმეს პუტინს. პუტინი კი როგორც ჩანს საერთოდ გაგებაში არ არის რა გეგმით უნდა იმოქმედოს. მთავარი გეგმა ფიასკოთი დაასრულა და სათადარიგო გაგრძელებების დაგეგმვით რუს სტრატეგებს თავი არ შეუწუხებიათ; ახლა გზადაგზა ცდილობენ ახალი გეგმის მოხლაფორთებას.

ყველაზე ჩამოყალიბებული გეგმა ამჟამად უკრაინას აქვს. ზელენსკი მზადაა ისაუბროს ნეიტრალიტეტზე, მაგრამ ამ ნეიტრალიტეტისათვის ისეთ გარანტიებს მოითხოვს (სამართლიანად), რომ მსოფლიო და მით უმეტეს რუსეთი ამაზე არ წავლენ. უკრაინელები არც იარაღს დათმობენ, არც ტერიტორიას და არც ლოგიკურად მოსალოდნელ გამარჯვებას;

თუმცა გმინავენ უდანაშაულო მსხვერპლის გამო და ასევე სამართლიანი დაჟინებითა და ყვედრებით მოითხოვენ უფრო ეფექტურ იარაღსაც და სამხედრო ჩარევასაც.

სიტუაციის შემდგომი განვითარების ზუსტი წინასწარმეტყველება პრაქტიკულად შეუძლებელია უიშვიათესი კომბინაციის გამო. ერთმანეთს დაპირისპირებული არიან დემენციის აშკარა ნიშნებით შეპყრობილი მხცოვანი ამერიკელი და საღ გონებაზე აშკარად არმყოფი რუსი.

თუ ამას დავუმატებთ უკრაინულ ადრენალინს, დაახლოებით მივიღებთ ისეთ სიტუაციას, როდესაც პარკინსონით შეპყრობილი ლაბორანტი სინჯარაში ნიტროგლიცერინის ჩასხმას ცდილობს მაშინ, როდესაც ირგვლივ მაიმუნი დახტის.

“ოსკარის” ცერემონიაც ერთგვარად წააგავდა არსებულ სიტუაციას. კრის როკი რუსეთივით არ ელოდა, რომ მის მორიგ მაიმუნობას უილ სმისი (ანუ უკრაინა) ალიყურით უპასუხებდა. დენზელ ვაშინგტონს სახელმწიფო მდივან ბლინკენის როლი ერგო სიტუაციის დასამშვიდებლად. იმედია უილ სმიტივით უკრაინაც “ოსკარს” მიიღებს საბოლოოდ, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ პუტინი კრის როკივით მოხდენილად შეირგებს სილის გალაწუნებას;

თუმცა ვინ იცის … ვნახოთ …“ – წერს გურული სოციალურ ქსელში.

ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის დროს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მსახიობმა უილ სმიტმა კომიკოს კრის როკს სცენაზე სილა გააწნა.

ამის მიზეზი ხუმრობა გახდა, რომელიც როკმა სმიტის ცოლის, ჯადა პინკეტ სმიტის მისამართით თქვა.

ჯადა, მიყვარხარ. მოუთმენლად ველი როდის ვნახავ „ჯარისკაცი ჯეინი 2“-ს“, – განაცხადა სცენაზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის წარსადგენად ასულმა როკმა.

როკის ხუმრობის შემდეგ უილ სმიტი სცენაზე ავიდა და კომიკოსს სილა გააწნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები