იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით, საქართველოს პროკურატურამ ნიდერლანდების შესაბამის უწყებებს მიმართა. ამის შესახებ „ფორტუნას“ პროკურატურაში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მიმართვა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.
„საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, კანონით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მათი ადგილსამყოფელის მიუხედავად.
აღნიშნულ შემთხვევაშიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა ნიდერლანდების კომპეტენტურ უწყებებს, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით“, – აცხადებენ პროკურატურაში.
უწყების ცნობითვე, ზურაბ ადეიშვილი ბრალდებულია პატიმრების წამების, ბუტა რობაქიძის მკვლელობის, ასევე კობა დავითაშვილის ცემის და სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე.