LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ჭანტურიას განცხადებით, მას და ე.წ. “სტამბოლის ბაზრის” კიდევ რამდენიმე მეწილეს წილები ზეწოლის შედეგად მაღალჩინოსნებმა დაათმობინეს

108

შპს ,,ერთობის“ 29%-იანი წილის მფლობელის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში რამდენიმე საათით დაკავებული გიორგი ჭანტურიას მამის, ზურა ჭანტურიას განცხადებით, მას და ე.წ. “სტამბოლის ბაზრის” (შპს „ერთობის“) კიდევ რამდენიმე მეწილეს ბაზრობის წილები ზეწოლის შედეგად მაღალჩინოსნებმა დაათმობინეს.

მისივე თქმით, ის ქვემო ქართლის მაშინდელმა გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ დაიბარა და განუცხადა, მისულიყო პროკურატურაში და გაეკეთებინა ის, რასაც იქ ეტყოდნენ.

,,2010 წელს პირადად მე დამიბარა ამხანაგმა კირკიტაძემ. ერთ-ერთი მოწილე დურმიშხან ფარცხალაძე, რომელიც იყო შპს ,,ერთობის“ დირექტორი, უკვე დაჭერილი იყო. კირკიტაძემ გამაგზავნა პროკურატურაში და მითხრა, რასაც გეტყვის ის კაცი, იმას გააკეთებო. მე წავედი პროკურატურაში, თავიდან გვითხრეს ბაზრობაში მილიონ ლარს მოგცემთ და წადითო. დურმიშხან ფარცხალაძე გამოუშვეს პატიმრობიდან და ჩვენ დანარჩენი მეწილეები თანახმანი ვიყავით ამ თანხის სანაცვლოდ წილები დაგვეთმო. გავიდა ერთი კვირა, გვითხრეს 800 ათასს მოგცემთო, მერე კიდევ შეამცირეს თანხა, ბოლოს ჩემი შვილიც დაიჭირეს და იქით გადაგვახდევინეს კიდევ ფული და დაგვათმობინეს წილი“, – განაცხადა ზურა ჭანტურიამ.

მისვე თქმით, ოჯახს ამ დრომდე არ დაბრუნებია ის ქონება, რასაც „სტამბოლის ბაზრობაზე“ ფლობდა. ზურაბ ჭანტურიამ ასევე დასძინა, რომ სამსონ ქუთათელაძესთან არც მას და არც მის შვილს, არანაირი კონფლიქტი ან უთანხმოება არ ჰქონიათ.

გიორგი ჭანტურია 236-ე მუხლის მეორე ნაწილით იყო დაკავებული და ბრალის წაყენების გარეშე, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გუშინ გვიან ღამით გაათავისუფლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები