ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას განცხადებით, პაციენტი მესტიის საავადმყოფოდან პირველ იანვარს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შეიყვანეს და 4 იანვარს გარდაიცვალა.
„პაციენტი შემოიყვანეს მესტიიდან. მას ჰქონდა გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები – ცხელება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ყელის ტკივლი, ქოშინის ერთკვირიანი ანამნეზი. მდგომარეობა იყო მძიმე. ფილტვების კვლევით აღმოჩნდა ორმხრივი პნევმონია. მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. იყო მართვით სუნთქვაზე. აღსანიშნავია, რომ ჰქონდა თანხმლები მძიმე დაავადებები,“ – განაცხადა სულხან ორჟონიამ “ინტერპრესნიუსთან”.
მისვე თქმით, იმის დასადგენად, არის თუ არა ეს H1N1, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი, ანალიზი გაგზავნილია, თუცა პასუხი საავადმყოფოში ჯერ არ მიუღიათ.