24 ნოემბერს, ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი „დია“ გაიმართა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო როგორც სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონიდან, ასევე საქართველოს ყველა კუთხეებიდანაც. კოლხური ღვინის პირველ ფესტივალზე უძველესი მეგრული ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა.
გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში მოეწყო აგრო სივრცეები, სადაც წარმოდგენილი იყო, მეწარმეებისა და ფერმერების პროდუქცია.
მხარის რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელია თქმით, აღნიშნული ღონისძიება მეღვინეობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, სამეგრელოში ეს სექტორი ნაკლებად არის განვითარებული.
ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა. მისი განმარტებით, აღნიშნული ღონისძიება, იმის დასტურია, რომ საქართველოს ყველა რეგიონს აქვს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პოტენციალი.
ფესტივალის მიზანია კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა. ფესტივალის სიმბოლო სამეგრელოში გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძველი წელთაღრიცხვით VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული სკულპტურაა, სადაც ცხენზე ამხედრებულ ქალს ერთ ხელში ყანწი მეორეში კი თოთო ბავშვი უჭირავს.