LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ჯანაშიას ქუჩაზე სასაწყობე-ლოჯისტიკური ცენტრი მოეწყობა

35

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ ჯანაშიას  ქუჩაზე მდებარე 11 474.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ პირობიან აუქციონში გამარჯვებულად შპს „ბი ემ სი გორგია“ გამოვლინდა. აღნიშულ ქონებაზე კომპანია სასაწყობო-ლოჯისტიკურ ცენტრს მოაწყობს, რისთვისაც არანაკლებ 600 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ   ელექტრონული აუქციონი 2015 წლის 17 მაისს გამოაცხადა. აუქციონი გასაყიდად გამოტანილი იყო ქალაქ ზუგდიდში, ჯანაშიას  ქუჩაზე მდებარე 11 474.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი  და მასზე განთავსებული N1  და N2 შენობა-ნაგებობა.  უძრავი ქონების საწყისი ფასი 450 000 ლარს შეადგენდა და ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო.  საბოლოოდ ობიექტი  452 000 ლარად გაიყიდა.

შპს „ბი ემ სი გორგია“ ქართულ ბაზარზე სამშენებლო-სარემონტო მასალების რეალიზაციას ახორციელებს და მომხმარებელს 30 000-მდე დასახელების სხვადასხვა სამშენებლო პროდუქტს სთავაზობს. რეგიონალური ქსელის განვითარების გეგმის ფარგლებში „გორგია“ რიგით მეოთხე ფილიალს სოფელ რუხში მშენებარე სავაჭრო ცენტრში ხსნის.  სასაწყობო-ლოჯისტიკურ ცენტრს კომპანია ახალი ფილიალის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად და  სამშენებლო-სარემონტო მასალების მარაგების უკეთ სამართავად გამოიყენებს. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში ბიზნესის განვითარებას და დასაქმებას.