LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ბოტანიკური ბაღი დაიტბორა, ფესვებიანად წაიქცა 7 მრავალწლიანი ხე

728
287298774_5369850063053854_6506930779419822326_n

სამეგრელოში მომხდარმა სტიქიამ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღიც აზარალა. გადაუღებელი წვიმების შედეგად შვიდი ასაკოვანი ხე ფესვიანად წაიქცა, მათ შორის სამი მუხაა. დაცემულმა ხეებმა დააზიანა ღობეც.

ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად ქარჩავას განცხადებით, დაზიანებულია ღობის რვა სექცია.

ბაღში დაიტბორა ცალკეული ტერიტორიები. ზოგან წყალი უკვე დაიწრიტა, თუმცა არის უბნები, სადაც სადრენაჟო სისტემამ ვერ გაატარა უხვი ნალექი.

კიდევ რამდენ ხეს ემუქრება წაქცევის საფრთხე, ზვიად ქარჩავა ამბობს, რომ ამ საკითხის შესწავლა დაწყებულია.

“აქ პერიოდულად მიმდინარეობს მონიტორინგი ჩვენი თანამშრომლების მიერ. წინა კვირას გვყავდა სპეციალისტები მოწვეული. მათაც დაათვალიერეს. ვმუშაობთ ახლა ამ პროექტზე. შეისწავლიან, რამდენ ხეს შეიძლება პრობლემა შეექმნას”, – აღნიშნა მან.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ვიზიტორებისთვის ბაღი დღეს, 23 ივნისს დაიკეტა. ამ წუთებში ბაღის ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, გადაუღებელმა წვიმებმა სამეგრელოს რეგიონი დააზარალა. მუნიციპალიტეტებში დაიტბორა სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთები, გზების ნაწილი. დაზიანდა ხიდები. განსაკუთრებული პრობლემები სტიქიამ სენაკში შექმნა. საჭირო გახდა რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.

ფოტო: LivePress

ამავე თემაზე:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები