ზუგდიდის სასაფლაოზე 90-იან წლებში დამარხული ცხედარი იპოვეს.
ნაპოვნ ცხედარს იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზა უტარდება. უცნობი მამაკაცი, რომელიც დაახლოებით 50 სანტიმეტრის სიღრმეზე იყო ჩამარხული, მესაფლავეებმა ახალი საფლავის გაჭრისას აღმოაჩინეს.
“ჩემი ვარაუდით ის ასე 30 წლის წინ არის მოკლული და ვიღაცამ პარკში გაახვია და სასწრაფოდ დამარხა, რადგან სხვა შემთხვევაში არ შეიძლებოდა მიცვალებული 50 სანტიმეტრზე დაემარხათ. პარკში სხვა არაფერი იდო,“, – ამბობს ააიპ „სასაფლაოების მართვის ცენტრის“ თანამშრომლი ანზორ კალანდია, რომელმაც მომხდარის შესახებ შესაბამის უწყებებს შეატყობინა.
ცხედარი დაახლოებით ორი კვირის წინ აღმოაჩინეს, თუმცა ამის შესახებახლა გახდა ცნობილი. გარდაცვლილის ვინაობის დადგენაზე სამართალდამცველ სტრუქტურებთან ერთად წითელი ჯვრის წარმომადგენლობაც მუშაობს.
ადგილი სადაც ცხედარი აღმოაჩინეს რამდენიმე საფლავს შორისაა მოქცეული. „სასაფლაოების მართვის ცენტრის“ თანამშრომელი, ანზორ კალანდია, ვარაუდობს რომ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია შესასწავლია, რადგან შესაძლოა იქ სხვა უსახელო საფლავებიც აღმოჩნდეს.