LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის ბაზარი დაიკეტა: სად უნდა იყიდოს ხალხმა პროდუქტი და რა უნდა ქნან მოვაჭრეებმა

570
1 დაკეტილი ბაზარი

ზუგდიდის აგრარული ბაზარი დღეს დაიკეტა. გადაწყვეტილება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა მერიასთან შეთანხმებით მიიღო. ობიექტზე მოვაჭრეებს, გამოსასწორებელი ვადა რამდენიმე დღის წინ მიეცათ, თუმცა გუშინ შესაბამისი კომისიის შემოწმების შედეგებმა არადამაკმაყოფილებელი დასკვნა გამოსცა. გაფრთხილება, რომელიც ითვალისწინებდა როგორც სანიტარული ზომების, ასევე დისტანციის დაცვას, სხვა პირობებთან ერთად, არ შესრულდა, ამიტომ მხარის რწმუნებულმა, კარანტინის რეჟიმის დასრულებამდე, აგრარული ბაზრის დახურვის ბრძანება გასცა. ინფორმაცია “ფორტუნას” გუბერნიის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, რეგიონში შექმნილი საგანგებო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომელიც ითვალისწინებდა მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით სავაჭრო ტერიტორიაზე პრევენციის ზომებს, ვერ იქნა დაცული და შესრულებული, შესაბამისად, სამეგრელო-ზემო სხვანეთის მხარის გუბერნატორი იძულებული გახდა მიეღო მკაცრი ზომები. აქვე განმარტავენ, რომ ზუგდიდთან ერთად გამოსასწორებელი ვადა სენაკის აგრარულ ბაზარსაც მიეცა, თუმცა მათ რეკომენდაციები გაითვალისწინეს და ამ დრომდე აღნიშნული ობიექტი კვლავ განაგრძობს მუშაობას.

გუბერნიის პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოლაპარაკება ზუგდიდის ბაზრის ადმინისტრაციასთან, მალფუჭებადი პროდუქტების სხვა ობიექტზე გაყიდვის ან სამაცივრე საწყობში გადატანასთან დაკავშირებით. მათი ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება გუბერნატორმა ქალაქის მერთან ერთად უნდა განიხილოს უახლოს ორ დღეში.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის მოვაჭრეთა უმრავლესობა ჯერ კიდევ გუშინ იყო გაფრთხილებული ტერიტორიის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, დღეს დილით რამდენიმე ადამიანი ბაზრის ჭიშკართან მაინც შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ გააცნეს და მოვაჭრეებს მოუწოდეს ტერიტორიის დატოვებისკენ.

სამეგრელოში შესაძლოა ხვალიდან აგრარული ბაზრები დაიკეტოს: გამოსასწორებელი ვადა დღეს იწურება

“ფორტუნასთან” ერთ-ერთი მოვაჭრე სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ საკვები პროდუქტი, რომელიც მან გუშინ დახლზე დატოვა, არაუგვიანენეს დღის ბოლომდე უკვე გაფუჭდება. მისი განმარტებით, არ მომხდარა პროდუქტის აღრიცხვა და მისთვის გაუგებარია მერია როგორ მოახერხებს ინდივიდუალურად შესაბამისი საქონლის ფასი დაადგინოს.

“გაგვაფრთხილეს დაიცავით წესებიო. ჩვენ მოვაჭრეები ვიცავდით, მაგრმ წესებს არ იცავდნენ ისინი, ვინც საყიდლად მოდიოდა. პირბადეც კი არავის არ ეკეთა. დღეში რამდენჯერმე ვასუფთავებდი ჩემს სავაჭრო ფართს. მეკეთა პირბადეც და ხელთათმანიც. გაფრთხილებისთვის კი შემოდიოდნენ, მაგრამ ვის რა პროდუქტი აქვს და რა ღირებულების საქონელი, ვინმემ იკითხა? როგორ გაარკვევენ? ჯერ არაფერს არ გვეუბნებიან. მოვაჭრეები ვინც ერთმანეთს ვიცნობთ, ვურეკავთ, ვეკითხებით რაიმე სიახლე ხომ არ იცის ვინმემ. არავინ არაფერი არ იცის. დღეს დაველოდებით და ხვალ მერიაში მივაკითხავთ. რას გვიპირებენ უნდა გავიგოთ. მშიერი ოჯახები დავრჩით, საქონელი კი ბაზარში ფუჭდება. აგვინაზღაურონ ჩვენი პროდუქტების ღირებულება. ან წავალთ და ბაზრის კართან დავჯდებით” – ნინო გობეჩია.

რაც შეეხება სხვა სავაჭრო ობიექტებს, რომლითაც შესაძლოა რეგიონი პროდუქტით მომარაგდეს, გუბერნიის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქალაქსა და შემოგარენში არის სუპერმარკეტების შესაბამისი რაოდენობა, სადაც შესაძლებელი იქნება საჭირო და აუცილებელი პროდუქტის შეძენა.

აგრარული ბაზრის საქონლის ღირებულების შედარება სუპერმარკეტების პროდუქტის ფასებთან დიდია, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის განმარტებით, საკითხს შესაბამისი კომისია სწავლობს და უახლოეს ღღეებში მოხდება საკითხის განხილვა და ფასების დარეგულირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები