ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ბრალდებით მიმდინარეობს.
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – აცხადებენ პროკურატურაში.
ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა. კერძოდ, ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახური შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებდა.