LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდასაჭერად პროექტი მომზადდა

109

„ჯეპრას“ კომპეტენციის ცენტრში ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართა.

კომპანია „ნატახტარმა“ და  „კოალიციამ ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“  დაინტერესებულ მხარეებს ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარუდგინა.

პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია.

პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისგან შედგება, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციართა დამხმარე ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ერთობლივი მუშაობის შედეგებზე, შემუშავებულ რეკომენდაციების პაკეტებზე, იმისთვის რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შეძლონ ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერა და გაძლიერება.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღეს კოალიციის საბჭოს წევრებმა, „ფონდი ნატახტარის“, „ასოციაცია ჩვენი სახლი – საქართველოს“, კომპანია „ნატახტარის“, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლებმა.

ივლისის დასაწყისში კომპანია „ნატახტარსა“ და  „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის  მიზანს ზრუნვის სისტემიდან გასული ახლგაზრდების მხარდაჭერა წარმოადგენდა. ადვოკატობის კამპანია ითვალისწინებდა ცენტრალური და ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობას და მომზადებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფას. კამპანიის ფარგლებში მოეწყო რამდენიმე სამუშაო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან.