ჟურნალ „ედიტთან“ ინტერვიუში მსახიობმა ზოი სალდანამ განაცხადა, რომ ავტოიმუნური თირეოდიტი აქვს, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადება. მისი იმუნური სისტემა ორგანიზმის წინააღმდეგ მუშაობს, დაავადების სიმპტომები კი მუდმივი დაღლილობა და კუნთების ტკივილია.
„ორგანიზმს არ ჰყოფნის ენერგია ტოქსინების ფილტრაციისთვის, ამის გამო იმუნური სისტემა ისე მუშაობს, თითქოს ორგანიზმში ინფექცია იყოს. ამიტომ, მუდმივად მიმდინარეობს ანთებითი პროცესები და ყალიბდება ანტისხეულები, რომელიც არტყამს ფარისებრ ჯირკვალს. ადამიანმა, ვისაც ავტოიმუნური თირეოდიტი აქვს, მუდმივად უნდა აკონტროლოს საკუთარი კვება,“ – ამბობს სალდანა.
ზოი იძულებულია, დიეტაზე იყოს. მან რაციონიდან გამორიცხა გლუტენი და რძის პროდუქტები. აღნიშნულ პროდუქტზე უარი თქვა სალდანას ქმარმაც, იტალიელმა მხატვარმა მარკო პერეგომ. ზოი აღნიშნავს, რომ მის დედასაც და ბებიასაც იგივე დიაგნოზი დაუდგინეს.