„მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ღმერთმა გაგახაროთ. ზიარება მივიღე და შვებას ვგრძნობ. მიმძიმდა უზიარებლობა. აწი, ღმერთი როგორც ინებებს. ყველაფერი მისი ნებაა,“ – ესაა დეკანოზ გიორგი მამალაძის გზავნილი P.S.-ს.
თავად მას ორი დღის წინ მომხდარი ინსულტის შედეგად საუბარი უჭირს. დეკანოზის გზავნილი P.S.-ს მისმა ადვოკატმა გადასცა.
დეკანოზს ინსულტის შედეგად წართმეული და პარალიზებული აქვს მარჯვენა კიდურები და უჭირს მეტყველებაც. ადვოკატი აცხადებს, რომ მღვდლის მდგომარეობა, გუშინდელთან შედარებით, გაუარესებულია.
დაპატიმრებიდან ორი წლის შემდეგ მამა გიორგი აზიარეს.
დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე, სწორედ ზიარების მოთხოვნით მართავდა აქციებს საპატრიარქოს წინ. ეს პირობა შესრულდა, მაგრამ აქცია დღესაც გაიმართა და მომავალშიც გაგრძელდება, რადგან მამალაძის ოჯახი ამტკიცებს რომ დეკანოზი უდანაშაულოა და მის გათავისუფლებას ითხოვს.