ჩვენ მაქსიმალურად ვიბრძვით და ვთამაშობთ, მაგრამ ვერ გაგვაქვს, ეს უკვე ხარისხის ამბავია. მე კი ჯადოსნური ჯოხი არ გამაჩნია, საქართველოს ნაკრებში ყველაფერი უცებ რომ შევცვალო, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა უელსის ნაკრებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მარცხის ერთ-ერთი ფაქტორი ის არის, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკა აქვთ.
„დაუშვილი და კანკავა უკლუბოდ არიან. გვილიასა და აბურჯანიას კლუბებში პრაქტიკა არ აქვთ. ამას გარდა, გვაკლდნენ ანანიძე, ოქრიაშვილი, მჭედლიძე.
არ დაგვავიწყდეს, რომ ამ შესარჩევში მეექვსე კალათიდან მოვხვდით. გადახედეთ, სად თამაშობენ ჩვენი მეტოქეების ფეხბურთელები და სად – ჩვენები. ისინი ინგლისში, ესპანეთში, გერმანიაში არიან, ჩვენები კი ყაზახეთში, უნგრეთში, ლატვიაში, პოლონეთში. მგონი, ცოტა წინსვლა გვაქვს. თუმცა მეორე მხრივ, ყველას თავისი რესურსის ზღვარი გააჩნია“, – განაცხადა ვაისმა.
საქართველოს რაიმე განსაკუთრებული უნდა გაეკეთებინა, ჰენესს გოლი რომ გაეშვა, – ამის შესახებ უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კრის კოულმენმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრებს ჭკვიანი მწვრთნელი ჰყავს.
„საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი ნაკრებია და ვლადიმირ ვაისის სახით ჭკვიანი მწვრთნელი ჰყავს. საქართველოს ბოლო წუთებზე ორჯერ შეეძლო გატანა, თუმცა საერთო ჯამში ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ჩვენ გვსურდა“, – აღნიშნა კოულმენმა.
ბრიტანულმა გამოცემამ Daily Mail-მა საქართველოსა და უელსის ნაკრებთა მატჩის მონაწილეები 10-ბალიანი სისტემით შეაფასა.
საქართველო: ლორია-6, კაკაბაძე-6, კვირკველია-6, კაშია-6, ნავალოვსკი-6, მერებაშვილი-6.5, კანკავა-6, კვეკვესკირი-6 (ჯიღაური, 76), გვილია-6.5 (ხოჭოლავა, 89), ყაზაიშვილი-6.5, ქვილითაია-6 (სხირტლაძე, 76).