თერჯოლაში, ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზის აღდგენით სამუშაოებზე პრობლემები შეიქმნა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, მდინარე ჩხარა ისევ ადიდდა, რამაც დაზიანებულ მონაკვეთზე წყლის მოვარდნა გამოიწვია.
“აღდგენით სამუშაოებზე სირთულეები შეიქმნა. ისევ ადიდდა წყალი. მუშებს გუშინ ჩაყრილი წყალგამტარი მილების უკან ამოღება მოუწიათ, რადგან ადიდებულმა მდინარემ ამ მილების წაღების საფრთხე წარმოქმნა. გუშინ ვვარაუდობდით, რომ დღეს გაიხსნებოდა გზა. სამუშაოები ისევ გრძელდება და ისევ ვგეგმავთ, რომ გზა დღის ბოლოს გაიხსნას”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზა ორი დღისწინანდელი უამინდობის გამო პარალიზებულია. ამის მიზეზი მდინარე ჩხარას მიერ ავტომაგისტრალის დაზიანებაა. ადიდებულმა მდინარემ ავტომაგისტრალის დაახლოებით 30-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო, რამაც აღნიშნული პრობლემები გამოიწვია. დასავლეთის მიმართულებით მოძრაობა ბაღდათის გავლით არის შესაძლებელი.