უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი შვიდეულის (G7) ლიდერებს ვიდეოჩართვით მიმართა და მოუწოდა, რაც შესაძლებელია ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ წლის ბოლომდე უკრაინაში რუსეთის ომი დასრულდეს.
დღეს, ბავარიაში მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტს ვიდეოჩართვისას ზელენსკიმ დასავლეთის ყველაზე განვითარებული ეკონომიკების მქონე სახელმწიფოთა ლიდერებს უთხრა, რომ სასურველია ომი დასრულდეს მანამ, სანამ ზამთარი დადგება და შექმნილი პირობები უკრაინის არმიას თავდაცვას კიდევ უფრო გაურთულებს.
ზელენსკის ამ სიტყვებს საერთაშორისო მედია, რამდენიმე დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე, ითხოვა ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემები, რუსეთისთვის უფრო მეტი სანქციის დაწესება და უსაფრთხოების გარანტიები“, – ამბობენ დიპლომატები და დასძენენ, რომ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა რუსეთისთვის „მძიმე“ სადამსჯელო ზომების დაწესების აუცილებლობას და იმ გარემოებას, რომ მოსკოვზე ზეწოლა არ უნდა შემცირდეს.
დიპლომატების ცნობით, ზელენსკიმ ასევე დახმარება ითხოვა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საქმეში და ქვეყნის რეკონსტრუქციის პროცესში.