LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი ავსტრალიის პარლამენტს: “ამბობენ, დაუსჯელი ბოროტება ბრუნდებაო, დავამატებდი: ბრუნდება ყოვლისშემძლეობის გრძნობით..”

231
Untitled design (6)

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ონლაინფორმატში ამჯერად, ავსტრალიის პარლამენტს მიმართა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გლობალური უსაფრთხოების ბედი სწორედ ახლა წყდება.

ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოს რუსეთი 2014 წელს ჩადენილი ქმედებებისთვის რომ დაესაჯა, ახლა უკრაინაში ეს არ მოხდებოდა:

“ხშირად ამბობენ: დაუსჯელი ბოროტება ბრუნდებაო, კიდევ დავამატებდი: დაუსჯელი ბოროტება ბრუნდება დაფარული, ყოვლისშემძლეობის გრძნობით. მსოფლიოს რუსეთი რომ დაესაჯა იმისთვის, რაც 2014-ში ჩაიდინა, 2022-ში არც ერთი საშინელი შეჭრა იქნებოდა.

ახლა უნდა გამოვასწოროთ შეცდომა, მადლობელი ვარ ავსტრალიის ორპარტიული მხარდაჭერისთვის. იმ დახმარებისთვის, რომელიც თქვენმა სახელმწიფომ უკვე გაუწია უკრაინას. კერძოდ, 70 ათასი ტონა ნახშირი ჩვენი ენერგეტიკული საჭიროებებისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ერთად შეგვიძლია და ამიტომ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ქვეყანამ, რომელიც ბირთვულ შანტაჟს იყენებს, სანქციები უნდა მიიღოს და მიხვდეს, რომ ეს შანტაჟი მისთვის დამღუპველია:

“გლობალური უსაფრთხოების ბედი ახლა წყდება. ჩვენ არ გვინახავს ეს მსოფლიოში, რომ ქვეყანამ დაიწყოს ომი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ და ღიად გამოაცხადოს მისი დამონების ან განადგურების სურვილი, ისე რომ ამ ერის სახელიც კი არ დატოვოს და ამ ერს თავისუფლად ცხოვრების არავითარი შესაძლებლობაც კი არ დაუტოვოს.

ვერავინ იტყვის, რომ მსოფლიოს რომელიმე ნაწილი დაცულია რადიოაქტიური დაბინძურებისგან, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მოხდება. ქვეყანამ, რომელიც იყენებს ბირთვულ შანტაჟს, უნდა მიიღოს სანქციები, რომლებიც წარმოაჩენს, რომ ასეთი შანტაჟი დამღუპველია მისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ზელენსკის მიმართა, და აღნიშნა, რომ სწორედ მის გვერდით დგას და არა “ომის კრიმინალის”.

სხვა ქვეყნების მსგავსად, უკრაინის პრეზიდენტს ავსტრალიელი პარლამენტარებიც ოვაციებით შეხვდნენ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში