LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზეიმი ბაღში – აუცილებლობა თუ სურვილი

1746
1d53d9afb8471227c6a3ef48e83636a5

დღეს ბაღი ზეიმის გარეშე წარმოუდგენლად მიგვაჩნია, როგორც მშობლებს, ასევე მასწავლებლებს. შესაბამისად, ბავშვებსაც ვაჩვევთ, რომ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ზეიმი ბაღში ან საზეიმოდ გამოპრანჭულებს ან სხვადასხვა ცხოველების ფორმით ჩაცმულებს.

თუმცა, რა სურთ ბავშვებს ამაზე ნაკლებად ფიქრობენ. აქტივობა ზოგისთვის სასიამოვნო ღონისძიებაა, ზოგი მორცხვობს, ზოგს ეშინია ან ეზარება. ბავშვები როლების გამო დარდობენ, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ დიდი ან პატარა როლი იციან, იმიტომ, რომ ისინი სასურველ როლს ვერ იღებენ.

ყველა შემთხვევაში, ბავშვები ემორჩილებიან მასწავლებლებისა და მშობლების აზრს და ემოციას, იცვამენ მათთვის სასურველ ფორმებს და ყვებიან ლექსებს, მღერიან თუ ცეკვავენ. უფრო თამამები პროტესტსაც გამოთქვამენ.

რატომ აქვთ პატარებს ბაღში ზეიმი და რა წესი არსებობს – ამ თემაზე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების სააგენტოს პასუხი ცალსახაა:

1. ბაღში ზეიმისას ბავშვი არ უნდა ისტრესებოდეს და კმაყოფილი უნდა იყოს;

2. თანხა არ უნდა იკრიბებოდეს არავითარ შემთხვევაში და

3. განათლების სამინისტროს პრინციპები, პოლიტიკა და სტანდარტები უნდა იყოს დაცული.

 

 

 

როგორც „ფორტუნას“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა, სააგენტოს პრინციპები ყველა ბაღისთვის ერთია.

„180 ბაღია დედაქალაქში, სადაც უამრავი ზეიმი იმართება, იცავენ თუ არა ამ პრინციპებს, ამ სამ პრინციპს, ამის კონტროლი წარმოუდგენელია, თუმცა, ჩვენი  ბაღების განვითარების განყოფილება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ცდილობს შეამოწმოს და გაკონტროლოს“, – აღნიშნა კახაბერ გვანცელაძემ.

5 წლის ნინუცას დედა თათია იმედაშვილი ზეიმის კატეგორიული წინააღმდეგია, იმ მიზეზის გამო რომ ბევრ ბავშვს სწყდება გული.

„ზოგი ბავშვი მენტალურად არც არის მზად და არ შეუძლია ან ლექსის დაზეპირება ან ცეკვა ან რაიმე. მისთვისაა პირველ რიგში რთული, რაღაცას რომ ვერ აკეთებს. მერე მეორე: ფორმები და ზეიმები ძალიან დიდ თანხებს ითხოვს და ზოგს არ აქვს საშუალება, წელიწადში მინიმუმ ორჯერ მაინც 100 ლარი და ზოგჯერ მეტიც გადაიხადოს იმაში, რაც 10 წუთში მთავრდება. მესამე: ბავშვებს ერიდებათ ზოგჯერ მოღლიცინე მშობლების წინაშე გამოსვლა და როგორ კარგადაც უნდა იცოდეს როლი, მაინც ისტრესებიან. მათ ფსიქიკაზე ეგეც მოქმედებს. ჩემს შვილს არ დასწყვეტია გული, იმიტომ რომ ცეკვებშიც დგას, სიმღერებშიც, ლექსებშიც, მაგრამ ჩემი ნება რომ იყოს, არსადაც არ გამოვაჩენდი. საერთოდ არ ექნებოდა ზეიმი და იმ ფულით და იმ რესურსით შემეცნებით ტურს მოვუწყობდი. საბავშვო ლაბორატორიაში ან თეატრში ან თუნდაც გასართობ პარკში. იქ უფრო მეტად გაერთობიან და ისწავლიან, ვიდრე ტრიპაჩი მშობლების ახირება ზეიმზე,“-  აღნიშნა თათია იმედაშვილმა „ფორტუნასთან“ საუბრისას.

მისგან განსხვავებულად ფიქრობს 6 წლის ლუკას დედა თაკო ივანიაძე. როგორც ის „ფორტუნას“ უყვება, ბაღში ზეიმი საჭიროა, რადგან ამ დღისთვის ბავშვები განსაკუთრებით ემზადებიან.

„ამ საკითხზე ძალიან ბევრი არ მიფიქრია, ამიტომ კარგად არ მაქვს ჩამოყალიბებული აზრი. ზეიმი ვფიქრობ საჭიროა ბაღებში. თუმცა, ზოგჯერ ეს ღონისძიება ერთგვარ გამოცდად მეჩვენება, განსაკუთრებით უფრო პატარა ჯგუფების შემთხვევაში. ბუნებრივია 2-3 წლის ბავშვი ნერვიულობს, როცა ამდენი ადამიანის წინაშე გამოდის და ხშირ შემთხვევაში ტირილით სრულდება ასეთი ღონისძიებები. შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ მშობლებს გვაჩვენონ, რამდენად კარგად არიან მომზადებულები. ამ დროს, მგონი უფრო მნიშვნელოვანია თავად იღებდნენ ბავშვები სიამოვნებას. ამიტომ ვფიქრობ, ძალიან ადრეულ ასაკში ცოტა სხვაგავარად უნდა დაიგეგმოს ეს ღონისძიებები და ამაზე სპეციალისტებმა უნდა იფიქრონ,“ – აცხადებს ის.

სამი შვილის დედა თაკო ოქროპირიძე კი ფიქრობს, რომ ყველა ბავშვმა ამ ასაკიდანვე უნდა იცოდეს ვის რა შესაძლებლობა აქვს.

„მე რომ მქონდა ზეიმი ძალიან ბედნიერი ვიყავი და კარგად მახსენდება ეგ პერიოდი და უნდა ჰქონდეთ ზეიმი ბავშვებსაც, იმიტომ რომ პუბლიკის წინაშე გამოსვლის კომპლექსი არ უნდა ჰქონდეთ. ჩემი შვილების ზეიმზე ყველა ბავშვი თანაბარუფლებიანია, არც ფორმები არ ქონდათ განსხვავებული. ზოგს სიმღერა არ შეუძლია და ლექსებზე გადადის. დაჩაგვრით არავინ იჩაგრება. ყველას თანაბარი ძალები და უფლებები აქვს,“ –  განუცხადა თაკო ოქროპირიძემ „ფორტუნას“.

 

UNICEF-მა სპეციალური ბროშურაც კი დაამზადა სასწავლო წლის მიწურულს, თუ როგორი უნდა იყოს ბაღის ზეიმი, მანამდე კი უფლებადამცველმა ანა არგანაშვილმა რამდენიმე დღის სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა პოსტი, სადაც სკოლისა და ბაღის დირექციას, ასევე, პედაგოგებს აფრთხილებდა, რომ ზეიმებზე ბავშვებს როლები თანასწორობის პრინციპის დაცვით გადაუნაწილონ, წინააღმდგე შემთხვევაში, ამას რეაგირება მოყვება.

როგორ უნდა გადაუნაწილონ როლები ბავშვებს პედაგოგებმა და როგორია რეკომენდაცია ამაზე ანა არგანაშვილი „ფორტუნასაც“ ესაუბრა. მისი თქმით, აღმზრდელმა უნდა გაითვალისწინოს ყველა ბავშვის საჭიროება და შესაძლებლობა.

 

 

„თუ ბავშვს არ აქვს შესაძლებლობა რომ იყოს მხატვრული კითხვის ოსტატი, ეს არ ნიშნავს, რომ მან თავი მეორე ხარიხსოვნად იგრძნოს. რაღაცნაირად უნდა მოხდეს მისი შესაძლებლობების წარმოჩენა. მთავარია, რომ ბავშვს არ ჰქონდეს დათრგუნულობის, უთანასწორობის განცდა. ჩემი აზრით, როცა პედაგოგი ბავშვთან მუშაობს, უნდა იცნობდეს ამ ბავშვის შესაძლებლობებს რამდენად მგრძნობიარეა ბავშვი, ასევე სად აქვს რესური და ნიჭი რომლის გაძლიერებაც შეიძლება. ასევე უნდა იცოდეს როგორია ისეთი ბავშვური თამაშობები თუ დადგმები, სადაც მაინცდამაინც ხაზგასმა არ იქნება  ნიჭზე და  იმაზე რაც ერთ ბავშვს მეორისგან განასხვავებს. რაღაცნაირად ისე უნდა დააორგანიზოს ეს აქტივობა, რომ ყველა ბავშვს დარჩეს კმაყოფილების განცდა“, –  აღნიშნა მან.

გასული წლების ტრადიციას თუ გავითვალისწინებთ, ყოფილა შემთხვევები, როცა ბაღში ზეიმზე ქორწილის ინსცენირება ყოფილა, ნეფე-დედოფლის როლი კი პატარებს მოურგიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები