ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეიდან გეგმავს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავარ პროკურორს შეხვდეს, რათა საქმის მასალებს გაეცნოს.
ამის შესახებ სარალიძემ, ჟურნალისტებთან თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვამდე განაცხადა.
„აქამდე არაფრად არ მთვლიდნენ და საქმის ვითარებას არ მაცნობდნენ, ახლა თავად მივაკითხავ ისე, რომ საქმეს გავეცნო. დღეიდან ჩავერთვები ამ პროცესში აქტიურად, ოფიციალურად მივმართავ მთავარ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვედრასთან დაკავშირებით, რათა დეტალებს გავეცნო, თუ რა ხდება საქმესთან დაკავშირებით.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის განაცხადს, დაველოდოთ სასამართლო პროცესებსო, მცდარი აზრი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთი მოსამართლე არაა უფლებამოსილი საქმეში ახალი ფიგურანტი შეიყვანოს,“ – განაცხადა სარალიძემ.
მანვე განაცხადა, რომ აქციები პარლამენტთან კვლავ გრძელდება, მანამდე, ვიდრე სამართლიანობა არ აღდგება.