ექიმების გადაწყვეტილებით, ზაზა სარალიძე დღეს ინგოროყვას კლინიკაში დარჩება. ამ წუთებში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას გამოკვლევები უტარდება. ოჯახის ინფორმაციით, სარალიძე წამლების მიღებაზე უარს ამბობს.
„არ შეგვიშვეს ოჯახის წევრები და არც ადვოკატი, არის გაძლიერებული დაცვა. ექიმი იყო გამოსული, 400 აქვსო შაქარი. შაქრის დამწევი წამლების მიღებაზე უარს აცხადებს, სავარაუდოდ, პროტესტის გამო,”- აღნიშნა ზაზა სარალიძის დედამ მარინა ბეგაძემ.
შვილმოკლული მამა საავადმყოფოში შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადაიყვანეს, სადაც მისი დაკითხვა მიმდინარეობდა. ის შეუძლოდ სწორედ დაკითხვის დროს გახდა, რის გამოც, მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
ცოტა ხნის წინ ზაზა სარალიძესთან შესვლას მისი ადვოკატი ითხოვდა, თუმცა მას ამის საშუალება არ ეძლეოდა. ისინი ასევე ითხოვდნენ, მიეღოთ ინფორმაცია სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. საბოლოოდ უფლებადამცველი ნესტან ლონდარიძე და ზაზა სარალიძისოჯახის წევრები შვილმოკლულ მამასთან შეუშვეს.
მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც გააკეთა განმარტება. მისი თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კონსტანტინე მუმლაძემ არ დააკონკრეტა, რა დაზიანება აქვს მიღებული სამართალდამცველს.
ზაზა სარალიძე დღეს რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.