საკალათბურთო თბილისის „დინამო“ ზაზა ფაჩულიამ შეიძინა და ამიერიდან სწორედ ის ჩაუდგება სათავეში ქვეყნის ყველაზე სახელიან კლუბს.
„დინამოსთან“ ერთად მის მფლობელობაში გადავა საწვრთნელი ბაზაც.
აღსანიშნავია, რომ აქამდე, რვა წლის განმავლობაში კლუბს პატრონაჟს „საქართველოს ბანკი“ უწევდა, რომელიც კლუბის მხარდაჭერას კიდევ ორი წლის განმავლობაში გააგრძელებს.
„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ამ ნაბიჯით ჩვენი წვლილი შევიტანოთ კალათბურთის განვითარებაში. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გუნდი საწვრთნელ ბაზასთან ერთად წარმატებული ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას საკუთრებაში გადავიდა, რომელიც 17 წელი საქართველოს ნაკრების, ასევე NBA-ის კლუბების ღირსებას იცავდა. საწვრთნელი ბაზისთვის პროფილის შენარჩუნება მისი განვითარების პერსპექტივით მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენდა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ზაზა ფაჩულიას და „დინამოს“, – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „საქართველოს ბანკს“ იმ მხარდაჭერისთვის, რაც ამდენი წლის განმავლობაში განახორციელეს „დინამოს“ განვითარებისთვის. თავდაუზოგავი შრომით უნდა შევეცადოთ, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა პროფესიონალ კალათბურთელებად აღვზარდოთ“, – განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.