კომპანია ”ზარაფხანა” ნოემბერში მაღაზიას აზერბაიჯანში გახსნის. 100 კვ.მ.-ის ფართობზე განლაგებული მაღაზია ბაქოს ცენტრალურ უბანში იფუნქციონირებს. კომპანია ექსპორტზე გასვლას სწორედ აზერბაიჯანით იწყებს.
თამთა გველესიანი (”ზარაფხანას”მარკეტინგის მენეჯერი): მანამდე გვქონდა აქტიური თანამშრომლობა აზერბაიჯანულ კომპანიებთან და ვნახეთ რომ მომხმარებლები ძალიან დაინტერესებულები არიან ქართული წარმოების პროდუქტით, მათ შორის ძალიან მოსწონთ ზარაფხანას ექსკლუზიური ნაკეთობები, როგორიცაა თამარის კოლექცია, კოლხური ლეგენდა და ა.შ. რაც სიძველესთან ასოცირდება, ლამაზი და მასიური სამკაულია. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ბაქოში მაღაზიის გახსნა ჩვენთვისაც მომგებიანი იქნება და ძალიან კარგი იქნება თუ ქართული წარმოების პროდუქციას გავიტანთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ბაქოელ მომხმარებელს სერიულ წარმოებასთან ერთად ინდივიდუალურ შეკვეთებსაც შესთავაზებენ. შეკვეთებს ბაქოში ადგილზე მიიღებენ, სამკაულების დამზადება კი თბილისში მოხდება.
საიუვილერო კომპანია ”ზარაფხანა” ბაზარზე ოქროს, ვერცხლისა და თითბერის სამკაულებსა და სუვენირებს აწარმოებს. საქართველოს მასშტაბით კომპანიის შვიდი მაღაზია ფუნქციონირებს, აქედან ერთი ბათუმში, ექვსი კი თბილისში. ”ზარაფხანაში”აცხადებენ რომ სამომავლოდ გაფართოებაზე მას შემდეგ იფიქრებენ, რაც აზერბაიჯანულ ბაზარს დააკვირდებიან.