ზამთრის სეზონს სათხილამურო კორორტები რამდენიმე სიახლით ხვდებიან. მთის ურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წელსვე ამოქმედდება მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი ახალი საბაგირო და კოხტა-მიტარბის ახალი გადასასვლელი სათხილამურო გზა. ამასთან, ახალ სეზონზე მესტიაში, ბაკურიანსა და გუდაურში დამატებითი სამაშველო ჯიხურები და საპირფარეშოები განთავსდება.
”სვანეთში მიმდინარეობს მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა. საბაგირო იქნება ღია, სავარძლის ტიპის, 6-კაციანი. აღნიშნული საბაგირო იქნება მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის ”დოპელმაიერის” ფირმის. მისი სიგრძე 1200 მეტრი იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ მესტია-ჰაწვალის საბაგირო მთას და ცენტრს აკავშირებს ერთმანეთთან. სვანეთში ასევე კეთდება მცირე ზომის საბაგიროები: მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულსა და ლენტეხში. მცირე ზომის საბაგიროები ხელს შეუწყობს ადგილობრივებში სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას. ბაკურიანის ისტორიაში პირველად გაკეთდა კოხტა-მიტარბის გადასასვლელი სათხილამურო გზა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. კურორტ მიტარბს დაემატა ახალი სათხილამურო გზები. კურორტ გოდერძს დაემატება ერთი მოძრავი ხალიჩა და ერთი მცირე ზომის საბაგირო. მესტიაში, ბაკურიანსა და გუდაურში დაემატება სამაშველო ჯიხურები და საპირფარეშოები”, – აცხადებენ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.