LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზამთრის კურორტები ძალიან კარგი არჩევანია, სუფთა ჰაერი ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია: პედიატრის რჩევები

322
268495282-423902679409264-8548742297363475294-n

ბავშვისთვის დასვენება და ჰაერის გამოცვლა აუცილებელია, მით უმეტეს მაშინ, როცა ქალაქში ცხოვრობს. სამთო სათხილამურო კურორტების სეზონიც მოვიდა და საინტერესოა სად წავიყვანოთ დასასვენებლად პატარები? როგორ დავიცვათ სეზონური ინფექციებისგან და რა არის გასათვალისწინებელი მათი ჯანმრთელობისთვის. “ავტორადიოს” დილის ეთერში ვმასპინძლობთ პედიატრს და ოჯახის ექიმს ქალბატონ რუსუდან მდივანს.

ზამთრის არდადეგები მთის კურორტზე – როგორ შევარჩიოთ საუკეთესო და რა უნდა გავითვალისწინოთ?

ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დასვენება. მძიმე პანდემიური წელიწადი გვქონდა, ფინალში ჯერ კიდევ არ ვართ გასული და პატარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერი. აუცილებელი პირობაა, რომ კოვიდ-რეგულაციები კარგად დავიცვათ, მშობლები აცრილი იყვნენ, რათა ბავშვიც მაქსიმალურად უსაფრთხოდ იყოს. ზამთრის კურორტები ძალიან კარგი არჩევანია, სუფთა ჰაერი ბავშვის ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ასეთ დროს მნიშვნელობა არ აქვს თუ სად წავალთ, მთავარია მთის კურორტი იყოს.

რამდენად მიზანშეწონილია წელიწადის ამ დროს ვიტამინებისა და სხვადასხვა პრეპარატის მიღება იმუნიტეტის ასამაღლებლად?

თუ ბავშვს რომელიმე ვიტამინის განსაკუთრებული დეფიციტი არ აქვს, მშობელმა საკუთარი სურვილით არანაირი ვიტამინი არ უნდა მისცეს. ყველაზე კარგი „ვიტამინი“ არის სწორი კვება და ჯანმრთელი ცხოვრების წესი. სწორი კვება ბავშვის ჯანმრთელობას საფუძველს უყრის და სწორი განვითარებისთვის უმთავრესი ფაქტორია.

დაბოლოს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვის კვება, ზამთრის პერიოდში როგორი უნდა იყოს ბავშვის სრულყოფილი რაციონი?

ერთი წლიდან ბავშვები უკვე იწყებენ დიდების მენიუს დაგემოვნებას, მაგრამ გვაქვს შეზღუდვები და ეს პროცესი ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ხოლო 5-6 წლიდან ბავშვს უკვე შეუძლია ყველაფერი მიირთვას. ბუნებრივია, საუბარი მაქვს ჯანსაღ პროდუქტზე, იქნება ეს ხილი, ბოსტნეული თუ რძის პროდუქტი. ამ ასაკში პატარას კუჭ-ნაწლავი უკვე მზადაა იმისთვის, რომ სრულად გაეცნოს მენიუს. ბავშვის სწორად განვითარებისთვის აუცილებელია ხილი, ბოსტნეული, უცხიმო ხორცი, თევზი, პარკოსანი კულტურები, კვერცხი, ნუში, თხილი (ალერგიული ფონის გათვალისწინებით), შაქარი და პურ-ფუნთუშეული კი მაქსიმალურად უნდა შევამციროთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები