LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზალკალიანის განცხადებით, ეკონომიკური პროექტების განხილვა რუსეთთან რთული წარმოსადგენია, თურქი კოლეგა კი ამბობს, რომ პატივი უნდა სცენ საქართველოს პოზიციას: მსჯელობა 3+3 ფორმატზე

81
FORTUNA.GE-

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ძნელი წარმოსადგენია, იმ ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს  საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და განაგრძობს უკანონო ქმედებებს, განიხილო მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები. დავით ზალკალიანმა ამის შესახებ თურქეთში, ოფიციალური ვიზიტით ყოფნის დროს განაცხადა.

საუბარია 3+3 პროექტზე, რომლის ფორმატიც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ასევე თურქეთის, ირანისა და რუსეთის ერთობლივ ჩართულობას გულისხმობს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, პოზიცია არის ძალიან მკაფიო და ოკუპანტ ქვეყანასთან ეკონომიკურ პროექტებზე ვერ ისაუბრებს.

“რა თქმა უნდა, მადლიერი ვართ თურქეთის, რომელიც ზრუნავს, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა, რეგიონის სტაბილურობა დიდწილად არის დამოკიდებული იმ პროექტებზე, რომლებიც განხორციელდება და რომლებიც ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება მისაღები ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ ეს თანამშრომლობა, უპირველესად, უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისოდ აღიარებული სამართლის ნორმებისა და პრინციპების პატივისცემას”. – განაცხადა ზალკალიანმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრამდე და აღნიშნა, რომ ამ დამოკიდებულებას მკაფიოდ განუმარტავდა მევლუთ ჩავუშოღლუს.

მოგვიანებით, აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ჩავუშოღლუც და მან საქართველოს პირველი არხის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ესმის საქართველოს პოზიცია და ფრთხილი მიდგომა მაშინ, როდესაც ასეთი რთული პირობებია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით.

მისივე განმარტებით, მხარეებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს პოზიციას:

“ჩვენი მიზანია, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საბოლოოდ დამყარება. ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ საკითხებში ჩვენ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ნდობას გაზრდის. ჩვენ გვესმის საქართველოს მხრიდან ასეთი ფრთხილი მიდგომა ამ საკითხებისადმი, როდესაც ასეთი რთული პირობებია, ვგულისხმობ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. პირდაპირ, ორმხრივ ფორმატში ასეთი საუბრის დაწყება შეიძლება, რთული იყოს და მრავალმხრივ ფორმატში შეიძლება, ეს უფრო ადვილი იყოს, მაგრამ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ საკითხში საქართველოს პოზიციას. ჩვენ სხვა, უფრო რბილი პოზიცია უნდა გამოვხატოთ ამ ფორმატების მიმართ.” – თქვა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა თურქ კოლეგას, დღესვე დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტ ფუათ ოქთაისთან.