“ჩემი პროგნოზები 100% -ით გამართლდა. შეიტყუეს, ჩაითრიეს და დაწნეხეს. რუსმა ომიც წააგო და ქვეყანაც. ერთ კვირაში პუტინის ყოფნა არყოფნის საკითხიც დადგება დღის წესრიგში. ხვალიდან უკრაინელები კონტრშეტევაზე გადავლენ,”-ამის შესახებ კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილმა უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
ზაალ კასრელიშვილმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსაც მიმართა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ის შეუერთდეს თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ინიციატივებს, რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
“საქართველოს მთავრობა მოქმედებს, ამბობს და აკეთებს ყველაფერს თავისი უფლება-მოვალეობის ფარგლებში. ოპოზიცია მოქმედებს თავისი უფლებამოსილების და შესაძლებლობების ფარგლებში და ეს ნორმალურია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. ჩვენს თვალწინ ახალი მსოფლიო და ახალი წესრიგი იბადება. ამ დროს ერთმანეთის ლანძღვა-გინების ნაცვლად ყველა ერთად უნდა ვფიქრობდეთ აფხაზეთზე და ცხინვალზე, მშვიდობიანად, უსისხლოდ და რაციონალურად. უახლოეს მომავალში სერიოზული პოლიტიკური პროცესები დაიწყება ჩრდილო კავკასიაშიც. მინდა თხოვნით მივმართო საქართველოს პრემიერს; ბატონო ირაკლი ჩვენი აზრით აუცილებელია შეუერთდეთ თურქეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ინიციატივებს და ერთობლივი ძალისხმევით ვიზრუნოთ რეგიონის უსაფრთხოებაზე. რეგიონალური მასშტაბის პოლიტიკური პროცესები შავი და კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებში ახლა იწყება. ჩვენი ისტორიული და მორალური ვალია ამ პროცესების სათავეებთან დავდგეთ. პატივისცემით: კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი,”-აცხადებს ზაალ კასრელიშვილი.