„აზროვნების აკადემია“ საკვირაო სკოლის პედაგოგის, მწერალ გურამ მეგრელიშვილის ძალიან საინტერესო ბლოგს აქვეყნებს და ბავშვებთან სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. „ფორტუნა“ გთავზობთ ამონარიდს ამ საინტერესო ნააზრევიდან:
მე ვცდილობ ყველა, აბსოლუტურად ყველა მოსწავლე და შვილებიც წახალისების მეთოდით აღვზარდო და დასჯა მხოლოდ არწახალისება და არშექება იყოს ხოლმე. როდესაც ბავშვს გრძელ, მორალისტურ ტექსტს ვუკითხავთ „რა არის კარგი და რა ცუდი“ თურმე ჩანასახშივე წყალში გადაყრილი შრომაა, რადგან თუ გვეპასუხებიან, კომუნიკაცია არ დგება და კამათში გადადის დიალოგი, თუ არ გვეპასუხებიან და თავდახრილი გვისმენენ, მთლად უარესია – რადგან ემოცია რჩება ადამიანში და იწყებს ნეგატიურად მუშაობას, შიგნიდან ნგრევას და ურთიერთობების ნგრევას და თანაც, ბავშვს „შემაგონებელი“ (მე ვიტყოდი: შემაღონებელიც) დარიგებებისგან 30 წამზე მეტი არ ამახსოვრდება, ეს კი 2-3 ცალი მოკლე წინადადებაა, რომელიც ხმის აწევისა და შორი გზით შემოვლის გარეშეც შესაძლებელი იქნებოდა. თან საინტერესოა ისიც, რომ ამ 30 წამიდან, ბავშვმა შესაძლოა სულაც ისეთი 2 წინადადება დაიმახსოვროს, მთავარ სათქმელთან რომ არაფერ შუაშია და მთელი შრომა წყალში გვექნება ჩაყრილი.
მე ვცდილობ ხოლმე (როცა გამომდის და როგორც გამომდის) მოკლე წინადადებებით, სავარაუდო პასუხებით „კი, არა“ ვუთხრა შვილს რატომ ვაფასებ მის ამა-თუ-იმ ქცევას ისე, როგორც ვაფასებ და ვუხსნი ჩემი ლოგიკის ლოგიკურობასაც. ბავშვები ძალიან მიმღებლები არიან სამართლიანი შენიშვნების მიმართ. იმ წუთას რომც არ დაგვეთანხმონ (ან რატომ უნდა დაგვეთანხმონ ყოველთვის?), რამდენიმე საათიანი ფიქრის შემდეგ, აუცილებლად მიხვდებიან რა ვუთხარით, რადგან სიყვარულით სავსე ტონი, მშვიდი მზერა და მზრუნველი ხელის გადასმა თავზე, ყველაზე გრძელ და ბრძნულ წინადადებაზე უკეთესია. მამაჩემმა იცის ხოლმე თქმა: ადამიანები არასოდეს უკვირდებიან რა საიდუმლოებებს ლაპარაკობენ ბავშვებთან და პირად მძღოლებთან, რადგან ერთიც და მეორეც გაფუჭებულ ტელევიზორზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ჰგონიათო.
ბავშვები კი ღრუბელივით იწოვენ უფროსების ნალაპარაკევს, განსაკუთრებით ოჯახში ნათქვამ ნებისმიერ სიტყვას და წინადადებას, შეფასებას და ქცევის იმ მოდელებს, რომელსაც მათთან ურთიერთობისას ნებით თუ უნებლიედ ჩვენვე ვნერგავთ.თავაზიანობით აღზრდილი ბავშვი სხვებთან კომუნიკაციას თავაზიანადვე ცდილობს, ყვირილითა და ხისტი შეგონებებით „მორჯულებული“ მოზარდი კი იგივე ქცევის მოდელის დანერგვას ჯერ სკოლაში, შემდეგ სამსახურში და ბოლოს ახალშექმნილ ოჯახში ეცდება. კომუნიკაციის ეს ხაზი არასოდეს შეიცვლება და არც გამოსწორდება, თუ შვილებთან ლაპარაკი, როგორც მომავალში უდიდეს პიროვნებებთან, ახლავე და სწორად არ დავიწყეთ.