ინგლისის პრემიერლიგა მორიგი Boxing Day-სთვის ემზადება. ინგლისურ მოედნებზე საახალწლოდ საგიჟეთია: მათი გასართობი ფეხბურთია და ამიტომ ფეხბურთელებს არ ასვენებენ. საიდან და როდიდან მოდის Boxing Day-ის ტრადიცია?
1962/63 წლების ზამთრის სეზონს ბრიტანეთში ”დიდი გამყინვარება” უწოდეს. ზამთარი ამ დროს განსაკუთრებულად ცივი იყო, ქარები ელექტროხაზებს აზიანებდნენ, თოვლი კი მაგისტრალებს და რკინიგზას კეტავდა.
იმ ზამთარს ტემზა ისე გაიყინა, რომ ოქსფორდის რაიონში მდინარეზე ავტომობილით გავლა იყო შესაძლებელი,ფეხით მოსიარულეები კი ტემზაზე ციგაობდნენ. 1962/63 წლების ზამთარი ბრიტანეთის ისტორიაში 1895 წლის შემდეგ დღემდე ყველაზე ცივ ზამთრად მიიჩნევა.
ცუდმა ამინდმა გავლენა სპორტულ კალენდარზეც მოახდინა: საფეხბურთო და სარაგბო მატჩების უმეტესობა ჩაიშალა. ”ნორვიჩის” ხელმძღვანელობას ”ქეროუ-როუდის” გაზონის ხელოვნურად დადნობა სურდა, თუმცა ნადნობმა წყალმა საბოლოოდ გააფუჭა გაზონი.
Boxing Day-ს საფუძველი 1860 წელს ჩაეყარა. სწორედ ამ წელს, პირველად გაიმართა საფეხბურთო მატჩები შობის მეორე დღეს.ერთმანეთს მსოფლიოს ორი უძველესი საფეხბურთო კლუბი: ”შეფილდი” და ”ჰალამი” შეხვდნენ. აღნიშნული მატჩი ”შეფილდმა” 2:0 მოიგო.
შობის მომდევნო დღეს ინგლისელთა სახლები სავსე იყო სასაჩუქრე ყუთებით. სწორედ აქედან მოდის სახელწოდება: Boxing Day.
1957 წლიდან შობის მეორე დღეს მატჩები ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის ყველა დივიზიონისათვის ნორმად იქცა.
ახლა კი დავაკვირდეთ ამ სურათს, რომელიც ალბათ ბევრ თქვენგანს შეხვედრია სოცქსელებში.
ეს 1963 წლის 26 დეკემბერს მოხდა – ფეხბურთელები ერთობოდნენ ისე, როგორც შეეძლოთ და საერთო ჯამში, 10 მატჩში 66 გოლი გავიდა.
ოთხივე დივიზიონში საერთო ჯამში 160 გოლი დაფიქსირდა, აქედან 7 ჰეთ-თრიკი.