LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე დიდი შეცდომა მცდარი მოლოდინის გაჩენა იყო: ჩავარდა თუ არა შიდა ტურიზმი

269
FORTUNA.GE (31)

წელს კორონავირუსის გამო მთელ მსოფლიოშიც და საქართველოშიც ბევრი რამ შეიცვალა. განსაკუთრებული დარტყმა მიიღო ტურიზმმა. ზაფხულის სეზონი ფაქტობრივად ყველა დიდ ქვეყანას ჩაუვარდა. საქართველოც იძულებული გახდა შიდა ტურიზმზე გადართულიყო. ამან თავისი წილი პრობლემები მოიტანა. ექსპერტები გაზაფხულის ბოლოს ჩვენთან აღნიშნავდნენ, რომ ქართველი ტურისტი ვერ დახარჯავდა იმდენ ფულს, რამდენსაც ჩამოსულები. პრინციპში ასეც მოხდა. შედარებით უსაქმოდ დარჩნენ ისინი, ვინც ტურისტებს სხვადასხვა ტურებს თავაზობდნენ და საქართველოს ღირსშენანიშნავ ადგილებზე დაყავდათ უცხოელი ტურისტი. ქართველს ასეთი მომსახურება არ სჭირდება – მცხეთაში თუ თუნდაც მარტვილის კანიონზე თავადაც მივა. ფასის დაგდება მოუწიათ ზღვაზე გასეირნების მსურველთათვის (ბათუმში 10 ლარი ღირდა ერთ ადამიანზე, კატერის ინდივიდუალური ქირაობა კი 50 ლარი) და ა.შ. გაუთავებლად. არაფერს ვამბობთ ტრანსპორტირების მომსახურებაზე, მაგალითად ქუთაისის აეროპორტიდან (ავტობუსები, ტაქსები, კერძო კომპანიები). მოკლედ, სხვაგვარ შემოსავლებს მიჩვეული ხალხისთვის ეს დიდი დარტყმა იყო.

ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროების წარმომადგენლებიც ამბობენ, პანდემიამ ბიზნესს სერიოზული ზიანი მიაყენა. პირველადი დაკვირვებების შდეგად, მსგავსი მდგომარეობა მოსალოდნელი იყო. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა დაახლოებით 1,5 მილიონამდე შემცირდა. არადა, ბიზნესმენებში იყო ოპტიმიზმი, რის გამოც მათ რეინვესტირება მოახდინეს. თუმცა, გარემოებამ ხელი ვერ შეუწყო და ზაფხულის სეზონის დასასრულს, შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი სეზონი ჩავარდა. ამის შესახებ, “ფორტუნა” ტურიზმის ექსპერტსა და კომპანია ’’ჰელისკი ჯორჯიის’’ დამფუძნებელს, ვატო ასათაშვილს ესაუბრა.

 

შესაძლოა, ჯერ არ დამთავრებულა დასვენების სეზონი, მაგრამ გარკვეული შეჯამების საშუალება ალბათ, მაინც არის – პირდაპირ რომ დავსვათ კითხვა: შედგა თუ არა შიდა ტურიზმი?

ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ 2020-ის სეზონი ფიზიკურად ჩავარდა. იყო გათვლები გაკეთებული, რომ შიდა ტურიზმს უნდა გადაეტანა დატვირთვა, რაც საერთაშორისო ტურიზმიდან დააკლდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო იმთავითვე, როდესაც ეს პრობლემები გამოჩნდა. ამას დაემატა, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი, რამაც ავტომატურად შიდა ტურიზმის ბრუნვები შეამცირა. აქედან გამომდინარე, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურისტული კუთხით 2020 წლის ზაფხულის სეზონი ჩავარდა.

ეკონომიკური თვალსაზრისითაც რომ ვთქვათ, დახარჯა თუ არა ხალხმა ფული და ამით მოსალოდნელი მინიმუმი მაინც თუ იშოვა ტურიზმის დარგში დასაქმებულმა ადამიანებმა?

ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რა ვითარებაა საერთოდ ტურიზმის სერვის-მომწოდებლების ბაზარზე. ავიღოთ, განთავსების ობიექტები, კვების ობიექტები, სატრანსპორტო კომპანიები. ამით დავინახავთ, რომ უმეტესობა წელს საერთოდ დახურული იყო ანუ საერთოდ არ გაუგრძელებიათ მუშაობა. იყო ე.წ. მცდარი მოლოდინები, რომელიც ხელოვნურად მთავრობამ გააჩინა.

რა შეცდომები იყო დაშვებული მთავრობის მიერ ტურიზმის მიმართულებით?

ყველაზე დიდი შეცდომა, ეს იყო, მცდარი მოლოდინის გაჩენა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო, როგორც მწვანე ზონაში არსებული ქვეყანა, პირველი გახსნიდა საზღვრებს. თავიდანვე, ეს არარეალური სურათი იყო. შემდეგ, ამას დაემატა, ცის გახსნის პოლიტიკა, რომელიც ანონსდებოდა ყოველთვე და იწევდა თითო-თითო თვით. ამ მოლოდინებმა სეზონის დასაწყისში ბიზნეს მოთამაშეებში ერთგვარი ოპტიმიზმი გააჩინა. დაიწყეს ინვესტირება. სამწუხაროდ, სეზონი ვერ გაიხსნა. ახლაც, ისევ დაკეტილია გარკვეული ობიექტები და შიდა ტურიზმის შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. დაახლოებით სექტემბრის ბოლოს, ეროვნული ბანკი დადებს საანგარიშო პერიოდის მონაცემებს.
რაც შეეხება შემოდგომას და ზამთარს, იქნება ძალიან რთული, იმიტომ რომ ის მძიმე შედეგები ეკონომიკური კუთხით, რაც ამ ჩავარდნილმა სეზონმა გამოიწვია, თვალნათელი გახდება დაახლოებით სექტემბრის ბოლოს. საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველომ იზარალა დაახლოებით 10 მილიარდი ლარი. ეს არის თანხა, რომელიც ეკონომიკაში უნდა შემოსულიყო და არ შემოვიდა, რაც ნაწილდება არამხოლოდ ტურიზმზე, არამედ, ტურიზმის სექტორთან დაკავშირებულ ჯაჭვურ სხვადასხვა სერვისებზე. აქედან გამომდინარე, ეს თანხა ეკონომიკური კრიზისის დროს, არის ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავალი, რომელიც ქვეყანას დააკლდა და სამწუხაროდ ამ შედეგებს სექტემბრის ბოლოდან უკეთ დავინახავთ.

რეგულარული ფრენების აღდგენაზეც ვისაუბროთ. ჯერ ალბათ არ მოხდება, მაგრამ როდიდან იქნება, შედარებით უპრიანი და რას მოიტანს ეს? მკვეთრად დაბრუნდება წინა მონაცემები და ვითარება თუ ქართველი ტურისტი გადახედავს პრიორიტეტებს, საწყის ეტაპზე მაინც?

მეტსაც გეტყვით. ფრენები სეზონის დასაწყისში უნდა გახსნილიყო. ფაქტობრივად, აუცილებელი იყო ფრენების გახსნა. იმის არგუმენტირება, რომ ეს ვირუსის მეორე ტალღას გამოიწვევდა, არასწორია. იმიტომ, რომ ნებისმიერი კვლევის მიხედვით, მეორე ტალღას ძირითადად ევროპაში ახლა ველოდებით, დაახლოებით ნოემბრის ბოლოდან. შემოდგომიდან იქნება პირველი შედეგები, რომელსაც დღევანდელი გათვლებით საზოგადოება ნახავს მსოფლიო მასშტაბით, რაც იმას ნიშნავს, რომ ორიენტირება იმაზე, რომ სანამ კოვიდი არ გავა, ჩვენ ფრენები არ უნდა გავხსნათ, არასწორია. გამომდინარე იქიდან, რომ სადღაც 2021-ის ბოლომდე მსოფლიო ჯანდაცვის საზოგადოება ვერ მოერევა ვირუსს, ანუ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ვირუსის პარალელურად. ფრენების გახსნა აუცილებელი იყო იმიტომ, რომ ეს გარდა ტურიზმისა, არის ეკონომიკური აქტივობა, საერთაშორისო ვაჭრობა, რისთვისაც აუცილებელია რეისების გახსნა. ჩვენ ვერ ვიქნებით იზოლირებული კუნძული. ჩვენ ვართ, საერთაშორისო ვაჭრობის ნაწილი. ყოველი დღე იზოლაცია, ეს არის, დაკარგული ფული და გზა ჩიხისკენ. ადრე თუ გვიან, მაინც მოგვიწევს საზღვრების გახსნა. ეს გარდაუვალია. თუ ამას შემოდგომაზე გავაკეთებთ, პარალელურად უარყოფით შედეგს მოგვცემს, რადგან პროგნოზირებულია შემდეგი ტალღა, რომელსაც ცენტრალური და ჩრდილოეთ ევროპა ნოემბერში ელოდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ ამის პარალელურად გავხსნით საზღვრებს, ავტომატურად უარყოფითად აისახება ჩვენთანაც. საერთო ჯამში, ვართ ძალიან ცუდ მდგომარეობაში. არჩევანი უკვე აღარ გვაქვს. ვართ ცუდსა და უარესს შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები