LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ბიუჯეტური ევროპული დანიშნულებები

252

ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ის მომენტი, როცა დაუფიქრებლად უნდა ჩაბარგდეს, გასაღები, ტელეფონი აიღოს და წავიდეს. სწორედ ამიტომ, ბილეთების შესაძენმა ონლაინ საიტმა kiwi.com-მა გადაწყვიტა იმ დანიშნულებებისთვის მოეყარა თავი, რომელთა მონახულებაც უქმეებზე, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასშია შესაძლებელი.

პალერმო, იტალია

იტალიაში ჩასული ვიზიტორები, როგორც წესი, რომს, ფლორენციას, მილანსა თუ პიზას აწყდებიან და სიციალია ყოველთვის დაჩაგრული რჩება. არადა იმისთვის, რომ იტალიური ყოველდღიურობა ნახოთ და ქვეყნის გულის ცემაც შეიგრძნოთ – სწორედ ამ რეგიონს უნდა ესტუმროთ. ყველაზე დიდ ქალაქ პალერმოს კი ტურისტებისთვის აბსოლუტურად ყველაფერი აქვს- ისტორიული შენობები, უგემრიელესი სამზარეულო და დაუვიწყარი კულტურა.

პაფოსი, კვიპროსი

ძველი პაფოსი აფროდიტეს დაბადების ადგილად ითვლებოდა, რაც იმაზე მეტყველებს რომ ადგილი ნამდვილად ძალიან ძველია. ამიტომ ვისაც ისტორია და არქეოლოგია აინტერესებს, უკეთეს ადგილს ვერც კი ნახავს. გარდა უძველესი ნანგრევებისა, პაფოსი მნახველებს ულამაზეს ბუნებას და არაჩვეულებრივ სამზარეულოსაც უმზადებს.

მარიბორი, სლოვენია

ლიუბლიანა ძალიან საყვარელია, მაგრამ ჩრდილოეთში მიმალული რეგიონი მარიბორი ნამდვილი სასწაულია. ქალაქის ცენტრი მე-15 საუკუნეში აშენებული შენონებითაა ნაგები და მათ სიახლოვეს მოკალათებას და იქვე დაწურული ღვინის წრუპვას არაფერი სჯობს. თუმცა, მარიბორი ეს მხოლოდ ღვინის რეგიონი არ არის და დანიშნულება ხელოვნების მოყვარულებსაც ძალიან მოეწონებათ.

სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა

სარაევო ოტომანთა იმპერიის, სლავური და ავსტრიულ-უნგრული სტილების ნაზავს წარმოადგენს და მისი დათვალიერება სხვა თუ არაფერი მხოლოდ ამის გამო მაინც ღირს. დასახლება უამრავი საინტერესო მუზეუმით, საიდუმლო გვირაბებითა და მე-20 საუკუნეში მომხდარი საინტერესო მოვლენების კვალითაა სავსე და ამ ყველაფრის ნახვა ემოციების გარეშე შეუძლებელია.

ვროცლავი, პოლონეთი

პოლონური ქალაქის პოპულარობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც დიდი ქალაქებიდან, ისეთიდან როგორიცაა – ლონდონი, პარიზი, რომი თუ მადრიდი – ფრენები მოხშირდა. ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქალაქი სინამდვილეში მომავალში ცხოვრობს და ვიზიტორებს უჩვეულოდ ფერად არქიტექტურას და ახალგაზრდულ გარემოს უმზადებს. ამასთან, ვროცლავი ყველაზე ცოცხალი ქალაქების რეიტინგშიცაა შესული და მისი პოპულარობა ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება.

ჟირონა, ესპანეთი

თუკი ბარსელონაში აღმოჩნდებით, ჟირონას მონახულებაზე უარი არ უნდა თქვათ. ოთხ მდინარეზე აშენებულ ქალაქში უამრავი ძველი ტაძრის ნახვაა შესაძლებელი. ძველი ქალაქი უზარმაზარი კედლებითაა გარშემორტყმული და მათგან გადაშლილი ულამაზესი ხედის ნახვა ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებელია. როგორც ტურისტები აღიარებენ ჟირონა ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური ქალაქია და ინსტაგრამზეც ძალიან ხშირად ხვდება.

ლაიფციგი, გერმანია

ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქს ახალ ბერლინს უწოდებენ, რადგან ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა დედაქალაქს ტოვებს და საცხოვრებლად სწორედ ლაიფციგში გადადის. დანიშნულება ყველაზე მეტად კლასიკური მუსიკის მოყვარულებს მოეწონებათ, თუმცა თავის ადგილს იქ როკის, პანკისა თუ ანარქიის თაყვანისმცემლებიც იპოვიან.

ვილნიუსი, ლიეტუვა

ვილნიუსი უქმეების გასატარებლად ალბათ მართლაც საუკეთესო ადგილია. ქალაქის ძველი ნაწილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული და ნამდვილ მუზეუმად არის ქცეული. ცენტრში განთავსებული ყველაზე დიდი ტაძრიდან კი მართლაც ულამაზესი ხედი იშლება და საუკეთესო კადრების გადასაღებად უკეთეს ადგილს ვერ იპოვით. ამიტომ ვილნიუსის ნახვის შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები