ყველას ვალია, ყოველთვის დავაფასოთ ჩვენი ვეტერანები, გავიხსენოთ მათი გმირული საქმეები და პატივი მივაგოთ მათ, ვინც თავი გაწირა ამ დიდ ომში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„დღეს არის ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი. მინდა, მივულოცო ჩვენ გმირ ვეტერანებს ეს დიდებული დღე. ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა ქართველებმა, ვეტერანებმა. მინდა, დიდი პატივისცემა დავადასტურო მათ მიმართ, ვინც თავი გაწირა გამარჯვების მისაღწევად. ქართველებმა ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ დიდი გამარჯვების მოპოვებაში და ფაშიზმის დამარცხების ამ ისტორიულ, საუკუნის გამარჯვებაში.
ჩვენი, ყველას ვალია, რომ ყოველთვის დავაფასოთ ჩვენი ვეტერანები, გავიხსენოთ მათი გმირული საქმეები და პატივი მივაგოთ მათ, ვინც თავი გაწირა ამ დიდ ომში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება.
კალაძე: გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, მადლობა ჩვენს ვეტერანებს თავდადებისთვის!
წლების განმავლობაში, ამ დღეს ომის ვეტერანები და საზოგადოების წარმომადგენლები ტრადიციულად, ვაკის პარკში იკრიბებოდნენ და უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივს მიაგებდნენ. თუმცა წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება არ გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი.