ტაილანდში (ბანგკოკი), ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატში ახალგაზრდებს შორის საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. ტურნირზე 8 ათლეტი გვყავს და ხვალ, 6 აპრილს გურამ გიორბელიძე იწყებს. 62 კილოგრამში, B ჯგუფში. 7 აპრილი- კახი ასანიძე. ჩვენი ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონის შვილი, 69კილოგრმაში, ასევე B ჯგუფში 11:30 დაიწყებს. იმ დღესვე, უკვე 69 კილოგრამში, A ჯგუფში არჩილ მალაყმაძის გამოსვლაა (16:00). 8 აპრილი – ლომია თებიძე (77კილოგრამი, C ჯგუფი, 07:00), ლაშა თაქთაქიშვილი – (C ჯგუფი, 08:30, 85კილოგრამი), ედუარ კაკაბაძე – (77 კილოგრამი, B ჯგუფი, 11:00). 10 აპრილს საქართველოს ნაკრების ბოლო ორი წარმომადგენელი გამოდის – 06:00, 94კილოგრამში, ზაზა ლომთაძე (B ჯგუფი) და 14:00, +94 კილოგრამში – A ჯგუფში, თორნიკე ტაბატაძე.
ნაკრების მთავარი მწვრთნელია ზურაბ ანთაური, რომელიც ბოლო პერიოდში არა მხოლოდ ძალოსნობაში, მთლიანად ქართულ სპორტში ერთ-ერთი წარმატებული სპეციალისტი გახდა. მისი ასისტენტი არის თემურ ჯანჯღავა. გუნდის ექიმი იქნება გიორგი ჭინჭარაული.
ზურაბ ანთაური:
ჩემპიონატისთვის მზადება თებერვლიდან დავიწყეთ. გავიარეთ 2 შეკრება, დუშეთის და წყალტუბოს ბაზაზე. ბოლო, ორკვირიანი შეკრება დუშეთში გვქონდა. ნორმალური ციკლი იყო. ბევრი დადებითი ემოციით.ვცდილობთ, ტურნირისთვის კარგ ფორმაში ვიყოთ. მაგრად მეხმარება თემურ ჯანჯღავა და ყოველთვის სასიამოვნოა, ისეთ კარგ სპეციალისტთან მუშაობა, როგორიც გახდა გიორგი ჭინჭარაული.
იძულებითი ცვლილება
ერთი იძულებითი ცვლილება გვაქვს. ტრავმის გამოამოვარდა გუნდიდან ზურა ბარელაძე (77 კილოგრამი). მის ნაცვლად შემადგენლობაში ჩავსვით სათადარიგო სპორტსმენი ლომია თებიძე, რომელიც აქ დიდ გამოცდილებას მიიღებს.
მომზადების დონე
ნაკრების მომზადების დონით უკმაყოფილო არ ვარ. ამ ეტაპზე, ყველა სპორტსმენი თითქმის მაქსიმუმზეა ასული. კარგად ივარჯიშეს, იმუშავეს ყველა საჭირო ნიუანსზე და შეეცდებიან, რომ გუნდმა ქულების მაქსიმუმი აიღოს. ვარჯიშებზე დიდი დრო ეთმობა, როგორც ფიზიკურ და ტექნიკურ მომზადებას, ასევე სპორტსმენების ფსიქოლოგიურ მომზადებას. ჩვენი მიზანია 17 საუკეთესო გუნდში შესვლა და შესაბამისად, 2018 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე 1 ლიცენზიის მიღება. ერთ ქვეყანას იქ 2 ლიცენზიის აღება შეუძლია.
ჩემპიონატზე
ჩემპიონატში 500-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საინტერესო ტურნირი იქნება. აუცილებლად გამოჩნდება ბევრი ნიჭიერი, პერსპექტიული ახალგაზრდა. ლიცენზიის მოპოვება რთული იქნება, მაგრამ ჩვენ გუნდს არ აკლია მოტივაცია და მე მჯერა ამ ნაკრების. ჩვენი მიზანია – მაქსიმალურად კარგი გამოსვლა და მთავარია, ნაკრების წევრებმა მიიღონ ამ დონეზე გამოსვლის გამოცდილება. დიდი მადლობა ყველას, ვინც მთელი ციკლის დროს გვეხმარებოდა.