თბილისის მერმა კახა კალაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნარკოტესტი ჩააბარა. როგორც მან განაცხადა, „ყველანაირად სუფთაა“. თბილისის მერი აცხადებს, რომ „სუფთა არჩევნები და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის“.
კალაძეს სჯერა, რომ ყველა სხვა კანდიდატიც, რომელიც „თავის სისუფთავეში დარწმუნებულია“, გაიზიარებს ნარკოტესტის გაკეთების შეთავაზებას.
„ანალიზები ჩავიტარე. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გავაკეთე. პასუხის მიხედვით ყველანაირად სუფთა ვარ, შესაბამისად, სუფთა არჩევნები და სუფთა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის. ასევე, მოვუწოდებ ყველა კანდიდატს, რომ გააკეთოს ანალოგიურად და საზოგადოებას შედეგები წარუდგინოს. მინდა მივმართო სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რომ მათ უფლება აქვთ გაასაჯაროონ შედეგები და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს”, – განაცხადა კახა კალაძემ.