LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველამ კარგად ვიცით და თვითონაც კარგად იციან, რომ ყველაფერი მათი ბრალია” – თბილისის ვიცე-მერი მეტრო “გოცირიძის” კონტრაქტორი კომპანიის შესახებ

49
გოცირიძე

კომპანია „მამისონის” განცხადებას, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის” სამუშაოები ბიუროკრატიული ბარიერების გამო გაჭიანურდა, თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე პასუხობს.

„სამწუხაროა, რომ „მამისონი“ მსგავს განცხადებებს აკეთებს. პირადად ვარ ჩართული და ძალიან კარგად ვიცი, სად შეუშალა ბიუროკრატიამ ხელი და სად საკუთარმა დაუდევრობამ, უპასუხისმგებლობამ და მოშლილი მენეჯმენტის სისტემამ თვითონ კომპანიაში. კარგია თუ სასამართლოში შეიტანენ საქმეს. მე რა განცხადებებიც არ უნდა გავაკეთო, ბოლოს სასამართლო დაადგენს ჯარიმის ოდენობასაც. მაშინაც, როცა არაფერი სჭირდებათ ადმინისტრაციული სისტემებისგან, სამუშაოებს მაღალ ტემპში კომპანია მაინც ვერ ახორციელებს. მე არ მგონია, რომ სასამართლომ პრეტენზია გაითვალისწინოს და მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღოს.

2 კვირის ვადაში მეტრო იქნება ჩაბარებული - მეტრო "გოცირიძის" კონტრაქტორი კომპანია კალაძეს პასუხობს

"დღეს მეტრო დასრულებულია, უბრალოდ ვაკის პარკში მომხდარი მოვლენებიდან გამომდინარე გამკაცრებულია რეგულაციები".

სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის საპასუხოდაც და ყურადსაღებადაც მეორე და მესამე ხარისხოვანი საკითხია „მამისონთან“ დაკავშირებით საუბარი. ჩემთვის მტკივნეულია და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დაგვიანდა მეტრო „გოცირიძის“ სამუშაოების შესრულება. ეს ვისი და რისი ბრალი იყო, მე პირადად კარგად ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მეორე და მესამე ხარისხოვანი. ჩემთვის უხერხულიც და უსიამოვნოცაა, რომ მოქალაქეებს დავუგვიანეთ სადგურის ჩაბარება. „მამისონთან“ დაკავშირებით აქამდეც ვართ გარკვეულები და ყველამ კარგად ვიცით და თვითონაც კარგად იციან, რომ ყველაფერი მათი ბრალია. ამას სასამართლო იტყვის და არ მგონია, რომ საინტერესო საკითხი იყოს“, – განაცხადა ხმალაძემ.

როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, რომ როცა „ვარკეთილის“ ტენდერი გამოცხადდა, „გოცირიძის“ სადგურის რეაბილიტაციის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია და მერიას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა, რომ ამ მის წინადადებაზე უარი ეთქვა.

„ვარკეთილის“ შემთხვევაში ტენდერი წლის დასაწყისში გამოცხადდა, მაშინ, როდესაც ეს კომპანია იმყოფებოდა თეთრ სიაში. შესაბამისად, არანაირი სამართლებრივი საფუძველი მერიას, რომ უარი ეთქვა ამ კომპანიის წინადადებაზე, არ ჰქონდა და ხელშეკრულების გაფორმება მოხდა. გოცირიძის სამუშაოები ივლისში უნდა დასრულებულიყო და ივლისიდან დღემდე ვადაგადაცილება გვაქვს. შესაბამისად, მაშინ, როცა „ვარკეთილის“ სადგურის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა, „გოცირიძის“ მეტროსადგურის შეკეთების კუთხით დაგვიანებას ადგილი არ ჰქონდა. არანაირი ინფორმაციული ან სამართლებრივი საფუძველი, რომ უარი გვეთქვა, ნამდვილად არ გვქონდა.

ვერ ვიტყოდი, რომ „მამისონს“ გამოცდილება არ ჰქონდა. კომპანია დოკუმენტაციის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. შესაბამისად, მოხდა ტენდერში ამ კომპანიის გამარჯვებულად გამოცხადება. გეტყვით, რომ სხვა პრეტენდენტი ტენდერში არ ყოფილა. „ვარკეთილთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია და „მამისონთან“ ხელშეკრულება გაწყვეტილია“, – განაცხადა ხმალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები