მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბენზინზე ფასის ზრდა ბაზარზე პირდაპირ არ აისახოს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს.
ნათია თურნავას განმარტებით, მსოფლიო ბაზარზე არსებული დიდი კონკურენცია თავისთავად გარანტიაა, რომ ბენზინზე ფასები ძალიან სწრაფად ნამდვილად არ გაიზრდება.
„ბენზინის ფასები დიდად არის დამოკიდებული მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასებზე. ბოლოს რასაც ვუყურებთ, სამწუხაროდ, არის ზრდის ტენდენცია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პირდაპირ არ აისახოს ამ ბაზარზე. საკმაოდ დიდი კონკურენცია არსებობს ამ ბაზარზე, რაც თავისთავად გარანტიაა, რომ ფასები ძალიან სწრაფად ნამდვილად არ გაიზრდება, რაც ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, გასული წლის ზაფხულის დასაწყისიდან, ანუ მას შემდგომ, რაც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში მოიხსნა საყოველთაო შეზღუდვები,თანდათანობით დაიწყო საჰაერო, სახმელეთო, სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენადა ასევე სხვადასხვა ეკონომიკური დარგების გახსნა, იწყება ნავთობზე ფასების მატება. ამას თან დაერთო ასევე „ოპეკი +“-ის მიერ მიღებული უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით (მაისის თვიდან 9,7მილიონი ბარელით დღე/ღამეში). განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ნავთობზე ფასების ზრდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება მსოფლიოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებას, რომელმაც თავისთავად გააჩინა პოზიტიური მოლოდინები მსოფლიო ეკონომიკის სწრაფ აღდგენასთან დაკავშირებით. შედეგად, თანდათანობით ძველ ნიშნულებს დაუბრუნდა ნავთობზე მოთხოვნა.