10 დღეზე მეტია, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებელთა საგნის გამოცდისათვის რეგისტრაცია დაიწყო და ის 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
აპლიკანტებმა რეგისტრაცია ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.gov.ge da online.naec.ge) უნდა გაიარონ.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება – აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე შეეძლებათ. 30 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, მაგრამ 15 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე ექნება.
წელს ცენტრი აპლიკანტებს საშუალებას აძლევს, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი გელიანი (ტუშის) კალამი შეიტანონ გამოცდაზე.
კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ არჩევით საგნებში გამოცდა მხოლოდ ქართულ ენაზე ჩატარდება – აბიტურიენტები არჩევით გამოცდებზე ტესტირებას რუსულ ენაზე ვეღარ გაივლიან.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია.
გამოსაშვები გამოცდის დღე
გამოსაშვები გამოცდის ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.
იმისათვის, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ზღვარი გადალახოს, მოსწავლემ, დაახლოებით, 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი.
გამოსაშვები გამოცდები წელსაც ორ ეტაპად, მე-11 და მე-12 კლასებში ჩატარდება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომელთა სწავლაც დაასრულეს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). დარჩენილ 4 საგანში კი ტესტირებას (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია) მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას გადიან.
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შინაარსობრივი სიახლეები
- 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ზოგადი უნარების ტესტის ფორმატი მცირედ განსხვავებული იქნება. ცვლილება ანალოგიების ბლოკს შეეხება – 2018 წლიდან ტესტში ანალოგიები არა დამოუკიდებელი ბლოკის სახით, არამედ წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებების ბლოკთან ერთად იქნება წარმოდგენილი. წაკითხულის გააზრების ნაწილს თან დაერთვება 10 დავალება (ნაცვლად 6 დავალებისა). ამ დავალებათა ნაწილი (5-7 დავალება) კვლავ იქნება ტექსტში მოცემული ინფორმაციის გააზრების შესამოწმებლად დასმული შეკითხვები, ხოლო 3-5 დავალება იქნება ანალოგიის ტიპის, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ანალოგიები, ძირითადად, ტექსტში არსებულ სიტყვებზე აიგება, რათა, როგორც აღინიშნა, აბიტურიენტს სიტყვის მნიშვნელობის წვდომა კონტექსტის საფუძველზე გაუადვილდეს.
- 2018 წელს გარკვეული სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდასაც შეეხება. იგეგმება არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმების კორექტირება. ახალი კრიტერიუმებით არგუმენტირებული ესეს შეფასების მაქსიმალური ქულაა 24, ნაცვლად 20 ქულისა. ამ კრიტერიუმებით გაიზარდა ნაშრომის შინაარსობრივი მხარის შეფასების ხვედრითი წილი, რაც მიზნად ისახავს მსჯელობის, არგუმენტირებისა და არაშაბლონურობის, აგრეთვე კრიტიკული აზროვნების წახალისებას.
- 2018 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევით საგნებში გამოცდა მხოლოდ ქართულ ენაზე ჩატარდება – აბიტურიენტები არჩევით გამოცდებზე ტესტირებას რუსულ ენაზე ვეღარ გაივლიან. ცვლილების თანახმად, გამონაკლისი მხოლოდ იმ აბიტურიენტებს შეეხებათ, რომელთაც ზოგადი განათლება მიღებული აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მათ კვლავ შეეძლებათ გამოცდა მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და სამოქალაქო განათლებაში ჩააბარონ რუსულ ენაზე. ამისათვის აბიტურიენტმა წერილობით უნდა მიმართოს ცენტრს 2018 წლის პირველ მაისამდე. სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს ცვლილება არ შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას. ეს გამოცდა ჩატარდება ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.
2018 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალ- ციხეში, გორში, ოზურგეთში, თბილისში, რუსთავში, თელავში.
აბიტურიენტის განაცხადი გაუქმდება ან ჩარიცხვებისას მისი შედეგები არ იქნება განხილული, თუ მან:
- დაწერა განცხადება და მოითხოვა განაცხადის გაუქმება (განცხადებას თან უნდა დაერთოს აბიტურიენტის პირადობის მოწმობის ასლი. რეგისტრაციის ძირითადი ეტაპის ვადის ამოწურვის შემდეგ განაცხადის გაუქმების შემთხვევაში გადახდილი თანხა აბიტურიენტს უკან ვეღარ დაუბრუნდება);
- შესაბამის წელს ვერ ჩააბარა სკოლის გამოსაშვები გამოცდები და ვერ მიიღო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი;
- 2018 წლის 20 ივნისამდე არ წარმოადგინა სრული ზოგადი განათლების ან მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
- აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღეს, განათლების აღიარების დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ 20 აგვისტომდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კონკურსში ვერ მიიღებენ მონაწილეობას და მათი შედეგები არ იქნება გათვალისწინებული ჩარიცხვებისას!
აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მიზნით აბიტურიენტი აბარებს 4 გამოცდას – აქედან 3 სავალდებულო საგანს (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, ერთ-ერთი უცხოური ენა) და 1 არჩევითს შემდეგი საგნებიდან: ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება – იმ საგანს, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კონკრეტული პროგრამისათვის ითხოვს.
გრანტი
ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს. 2018 წელს გაიცემა 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი სასწავლო გრანტები.
აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა ყველა გამოცდის (3 სავალდებულო და ერთ-ერთი არჩევითი საგნის) შედეგის მიხედვით. აბიტურიენტმა, რომელიც აბარებს სახელოვნებო/სასპორტო პროგრამაზე და სურს სახელმწიფო სასწავლო საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება, აუცილებლად უნდა ჩააბაროს მეოთხე გამოცდა (არჩევითი გამოცდების ბლოკიდან ნებისმიერი).
ქეთი გიგოლაშვილი